„გულდაწყვეტილი ვარ და ეს არასოდეს დამავიწყდება" - ცეცაძე ჭანტურიასა და საბურთალოზე
ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.
ამჯერად, გადაცემის სტუმარი სამტრედიას მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე იყო, რომელმაც საბურთალოდან წამოსვლის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.
სპეციალისტმა ასევე ისაუბრა გიორგი ჭანტურიას შესახებ, რომელიც საბურთალოს ცეცაძის მწვრთნელობის პერიოდში შეუერთდა და მისი წამოსვლის შემდეგ, გუნდი თავადაც დატოვა.
გია ცეცაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი 2017 წლიდან იყო 2019 წლის დეკემბერში ნაკრები დატოვა და საბურთალო ჩაიბარა, სადაც დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იმუშავა ისე, გუნდთან ერთად ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.
გია ცეცაძე
ერთ რაღაცას გეტყვით, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, მსოფლიოშიც ასეა, რომ შესაძლოა, ფეხბურთელს რთული ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ფეხბურთში ეს ანომალია არაა.
გულწრფელად გეტყვით, გიორგი ჭანტურია საბურთალოში ფორმაში არ იყო, მაშინ შეკრებაზე ვიყავით, ესპანეთში. გიორგი დღეში ოთხჯერ ვარჯიშობდა 2-ჯერ გუნდთან ერთად და შემდეგ, ინდივიდუალურად. როცა მას ფიზმომზადების მწვრთნელი ავარჯიშებდა, მის ვარჯიშებს პირადად ვესწრებოდი.
საბურთალო ჩემთვის ძალიან ახლობელი კლუბია, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახია, ამ გუნდის წარმატება ყოველთვის გამიხარდება. ვიტყვი ისეთ რამეს, რაც აქამდე არ მითქვამს - საბურთალოდან ჩემი წამოსვლის მიზეზი არ ყოფილა ის, რაც სათამაშო ნომერთან და საბურთალოს კაპიტნობასთან დაკავშირებით დაიწერა. ეს ტყუილია. არც ის არის სიმართლე, რომ ფეხბურთელებთან კონფლიქტი მქონდა. ამაზე მეცინება. არ არსებობს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ გია ცეცაძე ფეხბურთელს რაიმეში ეჯიბრება. ფეხბურთელთან კონფლიქტი არასოდეს მქონია და არც მექნება.
საბურთალოდან წამოსვლის მიზეზი ეს ნამდვილად არ ყოფილა. დანარჩენზე საუბარი აღარც ღირს.
გიორგი ჭანტურიას ბოლო კლუბი სწორედ საბურთალო იყო, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით ერთ თვეში დატოვა.საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თამაშობდა ვიტესსა და ურალში, უშუალოდ, საფეხბურთო კარიერა კი ბარსელონაში, ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო.
ჭანტურიამ ეროვნული ნაკრების მაისურით 15 მატჩი ჩაატარა. მან ამხანაგურ მატჩებში ლიხტენშტეინსა და ალბანეთს გაუტანა.
სამენეჯერო-სააგენტო transfermarkt-ზე მითითებულია, რომ 28 წლის გიორგი ჭანტურიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
მინდოდა, რომ საბურთალოში ყოფილიყო, შემდეგ მის წაყვანას უკრაინაშიც ვგეგმავდი, თუმცა არ გამოვიდა. არის რაღაც-რაღაც გარემოებები, როდესაც მწვრთნელი სიტუაციას ბოლომდე ვერ მართავს.
ყველაზე მტკივნეული ესაა. კარიერას დავასრულებ, მაგრამ სულ მემახსოვრება, არასოდეს დამავიწყდება, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის გულსატკენია, -აღნიშნა ცეცაძემ.
ფოტოები: საფეხბურთო კლუბი საბურთალო
შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა