NBA-ის წინასასეზონო მატჩები - მამუკელაშვილმა 29 წუთი ითამაშა, ბითაძემ 3 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

NBA-ის წინასასეზონო მატჩები - მამუკელაშვილმა 29 წუთი ითამაშა, ბითაძემ 3 ქულა ჩააგდო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წინასასეზონო მატჩები იმართება და გამთენიისას, პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ და გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ვიხილეთ. „ინდიანა“ „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა და 104-125 დამარცხდა, „მილუოკი“ კი „მემფისს“ შეხვდა და ეს მატჩი 3 მეოთხედის შემდეგ შეწყდა, როცა „ბაქსი" 77-87 აგებდა.

„პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ „ნიქსის“ წინააღმდეგ 11:44 წუთი ითამაშა და აქტივში 3 ქულა, 2 დაფარება და ამდენივე მოხსნა ჩაიწერა. გოგამ 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

„მემფისისა“ და „მილუოკის“ დაპირისპირებას რაც შეეხება, „გრიზლისის“ საშინაო არენაზე, „ფედექსფორუმზე“ სახანძრო განგაში ჩაირთო და მე-3 მეოთხედის შემდეგ სტადიონის ევაკუაცია მოხდა. მატჩი სწორედ ამიტომ შეწყდა, თუმცა სანდრო მამუკელაშვილს თავის გამოსაჩენად მაინც საკმაოდ დიდი დრო მიეცა. „მამუმ“ პარკეტზე 28:57 წუთი გაატარა და 9 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში) და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სანდრომ 6-დან 4 ბურთი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი გააფუჭა. მამუკელაშვილს ერთი დაკარგვა ჰქონდა, წესები 2-ჯერ დაარღვია და საკალათბურთო ექსპერტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.


ცნობისთვის, „მილუოკი ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს გამართავს და „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდება, „ინდიანას“ კი მომდევნო მატჩი ასევე 9 ოქტომბერს, „კლივლენდთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები