''ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით'' - ქეცბაია აპოელ-თან გამარჯვების შემდეგ
Aa
Aa

''ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით'' - ქეცბაია აპოელ-თან გამარჯვების შემდეგ

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' შინ აპოელ-ი 2:1 დაამარცხა. 30-ე წუთზე ''ანორთოსისის'' ექს-ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას გოლით აპოელ-ი დაწინაურდა, თუმცა შემდეგ კოსტაკის არტიმატასმა დუბლი შეასრულა და მასპინძლებმა დერბიში 3 ქულა მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ მედიასთან ისაუბრა.

''ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რთული თამაში გვქონდა. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. 3 ქულის მოპოვება ჩვენ უფრო მეტად გვსურდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მხარს გვიჭერდნენ და ბელგიაში ჩვენს საგულშემატკივროდ იმყოფებოდნენ. დღეს დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს''.

ერთ-ერთი კითხვა ბუბა დაუშვილსა და გიორგი ქვილითაიას ეხებოდა, რომლებიც გასულ სეზონში ''ანორთოსისში'' ასპარეზობდნენ, თუმცა შემდეგ კარიერა აპოელ-ში გააგრძელეს. ამ თემაზე ქეცბაიამ გასულ ზაფხულშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპოელ-მა მოთამაშეებს გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა. მან ფეხბურთელების გადაწყვეტილება ამ მიზეზით ახსნა. ქეცბაიამ ამჯერადაც მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

''მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. ისინი ახლა აპოელ-ის ფეხბურთელები არიან და თავიანთ საქმეს ასრულებენ. მათი მოთხოვნები ჩვენ ვერ დავაკმაყოფილეთ, ეს აპოელ-მა შეძლო და კარიერა ამ გუნდში გააგრძელეს. მათთან პრობლემა არ მაქვს''.

''ანორთოსისის'' რიგებში ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ხოლო გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა და რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.

აპოელ-ის რიგებში თორნიკე ოქრიაშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უასპარეზია, მისი თანაგუნდელი ბუბა დაუშვილი კი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. რაც შეეხება გოლის ავტორ ქვილითაიას, მან სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

საწყის ხუთ ტურში აპოელ-მა 4 მატჩი დათმო და მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო. ''ანორთოსისმა'' 4 თამაშიდან 2 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ორ შეხვედრაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები