სანიოლმა ეროვნული ნაკრების სიას საბა ხვადაგიანი დაამატა
Aa
Aa

სანიოლმა ეროვნული ნაკრების სიას საბა ხვადაგიანი დაამატა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის შერჩეულ შემადგენლობას თბილისის ''დინამოს'' მცველი საბა ხვადაგიანი დაამატა.

თბილისის ''დინამოს'' 18 წლის მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში პირველად გასულ თვეში სანიოლმა მიიწვია. ამპლუით მცველის დებიუტი ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. საბა ხვადაგიანმა ბულგარეთის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. მოგეხსენებათ, შეხვედრა სოფიაში გაიმართა და მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.

ნიჭიერმა მოთამაშემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ''დინამოს'' მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. ხვადაგიანი ქვემოთ მოცემულ შემადგენლობას დაემატება.

საერთო ჯამში სანიოლმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან ხუთ ფეხბურთელს უხმო: ლაზარე კუპატაძე, ირაკლი აზაროვი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი მამუჩაშვილი (ყველა ბათუმის დინამო) და საბა ხვადაგიანი (თბილისის დინამო).

 

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს (9 ოქტომბერი), შემდეგ კი კოსოვოს ესტუმრება (12 ოქტომბერი).

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები