Aa
Aa

"ის უნდა დამეცვა" - პოჩეტინო მესის შეცვლაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას პარიზელთა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო.

76-ე წუთზე მინდვრიდან ლიონელ მესი გაიყვანა და მის ნაცვლად ჰაკიმი ჩართო თამაშში. ამ გადაწყვეტილებაზე კი თავად მწვრთნელმა მოგვიანებით ისაუბრა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„ეს გადაწყვეტილება თავის დაზღვევის მიზნით მივიღე. ლეო იმიტომ შევცვალე, რომ შესაძლოა ტრავმა მიეღო. ის მომავალში უფრო დაგვჭირდება. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია და მესი უნდა დამეცვა.

ასეთი გადაწყვეტილებები გუნდის სასიკეთოდ ხდება. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი საოცარი ფეხბურთელები გვყავს. ხანდახან ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელსაც დადებითად არ შეხედავენ.“

მატჩის მიმდინარეობა

პოჩეტინომ სუპერ შემტევი შემადგენლობა დააყენა. მინდორზე ერთდროულად დი მარია, ნეიმარი, მბაპე და მესი გამოჩნდნენ. პარიზელები, რა თქმა უნდა, ბევრს აქტიურობდნენ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა შედარებით მოსაწყენი ფეხბურთი იხილეს, თუმცა 3 გოლი გავიდა. 54-ე წუთზე „ლიონი“ პაკეტამ დააწინაურა. ლეო მესიმ ჯარიმა შეასრულა და მისი დარტყმული კარის ხარიხას მოხვდა.

66-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა აქცია. პსჟ ბევრს ცდილობდა და ეს ყველაფერი მათ 94-ე წუთზე დაუფასდათ. მაურო იკარდიმ "ლიონი" გატეხა და გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა.

სატურნირო მდგომარეობა

6 ტურის შემდეგ, პოჩეტინოს გუნდს 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.  მომავალ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „მეცს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 22 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები