''თავს კარგად ვგრძნობ'' - ოქრიაშვილი დერბისთვის ემზადება
Aa
Aa

''თავს კარგად ვგრძნობ'' - ოქრიაშვილი დერბისთვის ემზადება

კვიპროსული აპოელ-ის ქართველ შემტევს, თორნიკე ოქრიაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გასულ ტურში ნიქოზიას ''ოლიმპიაკოსთან'' შეხვედრაში თავი შეუძლოდ იგრძნო და პირველი ტაიმის 36-ე წუთზე შეცვალეს. ''კრასნოდარის'' ექს-მოთამაშეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

ოქრიაშვილმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ვიტამინების ნაკლებობისა და მაღალ ტემპერატურაში ორჯერადი ვარჯიშების შემდეგ სხეული გამოიფიტა, მას ექიმებმა შესაბამისი მედიკამენტები და ვიტამინები დაუნიშნეს, ახლა უკვე თავს კარგად გრძნობს, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შემდეგი ტურისთვის ემზადება, რომელსაც აპოელ-ი 19 სექტემბერს სტუმრად გიორგი პაპუნაშვილისა და რევაზ ინჯგიას ''აპოლონთან'' ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი დერბია და ორივე კლუბისთვის დიდი მნიშვნელობისაა.

''მაღალ ტემპერატურაში ორჯერადი ვარჯიშებისა და ძალიან გადატვირთული სავარჯიშო პროცესის შემდეგ სხეული გამოიფიტა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. რაც მთავარია კორონავირუსი არ დამიდასტურდა. ექიმებმა ვიტამინები დამინიშნეს და უკვე ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობ''.

საწყისი ორი ტურის შემდეგ ოქრიაშვილის აპოელ-ის ანგარიშზე 0 ქულაა, პირველ ტურში ''პაფოსთან'' განადგურდა (4:0), მეორე ტურში კი ''ოლიმპიაკოსთან'' 0:1 დამარცხდა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ოქრიაშვილთან ერთად აპოელ-ში ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გადაბარგდნენ. სამივე ქართველმა საწყის ორ ტურში სასტარტოში იასპარეზა.

აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც საწყისი ორი ტურის შემდეგ გოლი არ გაუტანია.  ანალოგიურად, ''ანორთოსისს'' გოლი არ შეუგდია, თუმცა ქეცბიას გუნდმა მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები