ლივერპული VS მილანი - მატჩის წინ
Aa
Aa

ლივერპული VS მილანი - მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. გულშემატკივრებს პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ. „ლივერპული“ „მილანს“ უმასპინძლებს. Crystalsport ამ მატჩის წინ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„მილანი“

სტეფანო პიოლის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 2013/2014 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა. „მილანმა“ სერია ა ბრწყინვალედ დაიწყო. „როსონერიმ“ სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულა აქვს. უკანასკნელ ტურში კი მილანურმა გრანდმა „ლაციოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გოლები ლეაომ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანეს. შეიძლება ითქვას, რომ „მილანი“ „ლივერპულთან“ შეხვედრას კარგ ხასიათზე და კარგ ფორმაში ხვდება.

დანაკლისი

სამწუხაროდ, სტეფანო პიოლის ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოაკლდა. შვედმა თავდამსხმელმა აქილევსის მყესი დაიზიანა და ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი უცნობია. „როსონერის“ ასევე რადე კრუნიჩი და ბაკაიოკო დააკლდება. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.

რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?

„სეზონის დასაწყისმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ უნდა წაიყვანოს „მილანმა“ თამაშები. ჩვენი დონე გაიზარდა. „ლივერპულთან“ მატჩი ამის დასამტკიცებლად შესანიშნავი საშუალებაა. სამწუხაროდ იბრაჰიმოვიჩმა აქილევსის მყესი დაიზიანა და ვერ ითამაშებს. ეს რომ არ მომხდარიყო, აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა.

ზლატანს თამაში უნდა, მაგრამ ვერ გავრისკავთ. შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მივიდეთ. აბსოლუტურად ყველას უნდა იბრას თამაში. ასეთი ფაქტები ფეხბურთში ხშირად ხდება, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები. არჩევანს ჟირუსა და რებიჩს შორის გავაკეთებ. „ლივერპულთან“ განსაკუთრებულად არ ვემზადებით.

ჩვენი მომზადება ისეთია, როგორიც ყოველი მატჩის წინ. ინგლისური ფეხბურთი მიყვარს. მერსისაიდელებს კარგად ვიცნობ, ისინი პირადად შევისწავლე. მართალია, რომ ბევრ ჩემს ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია, თუმცა სტადიონი ყოველთვის სტადიონია და აქ ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით.

რთული ჯგუფი შეგვხვდა და ადვილი თამაშები არცერთ შემთხვევაში არ გველოდება. ჩვენ, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. გვინდა, რომ ხვალ ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი წარმატებით გადავშალოთ. გპირდებით, ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, 100 %-ით მზად იქნებიან.“

„ლივერპული“

მსგავსად „მილანისა“, სეზონი „ლივერპულმაც“ კარგად დაიწყო. იურგენ კლოპის გუნდმა 4 თამაშიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ამ მომენტისთვის მერსისაიდელები სატურნირო ცხრილში 10 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან. ამავე რაოდენობის ქულები აქვთ „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ჩელსის“, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ხსენებული ორი გუნდი ცხრილის პირველ-მეორე ადგილზე იმყოფება. უკანასკნელ ტურში კი „ლივერპულმა“ სტუმრად „ლიდსი“ 3:0 დაამარცხა და „მილანთან“ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი

„ლიდსთან“ მატჩში სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. 18 წლის ჰარვი ელიოტმა ფეხი მოიტეხა და გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რობერტო ფირმინოს და მინამინოს თამაში. კლოპს სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.

რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?

„ჩემს გონებაში 2005 წლის ფინალს უფრო დიდი ადგილი უკავია ვიდრე 2007-ისას. ვფიქრობ, ეს ისეთი თამაშია, რომ ყურება სავალდებულოა. „მილანი“ დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფილა, თუმცა პიოლის გუნდი 2021 წელს ბრწყინვალედ გამოიყურება. „როსონერიმ“ სერია ა-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში კი იტალიელები საუცხოო ფორმაში არიან. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება.

ზლატანი დიდებული ფეხბურთელია. ტრავმის მიღების შემდეგ ვნახე რამდენიმე ვიდეო, თუ როგორ იბრძოდა და ემზადებოდა დასაბრუნებლად. ეს დასაფასებელია.. იბრას თქმით, ლომმა დიდ ხანს არ უნდა დაისვენოს და მართალიც არის. სერია ა-ს უკანასკნელ ტურში გამოვიდა და გოლი გაიტანა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებული მომენტებისთვის შეიქმნა. სამწუხაროა, რომ არ ითამაშებს, თუმცა მას კვალიფიციური ფეხბურთელები ჟირუ და რებიჩი ჩაანაცვლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო თამაში იქნება.

რეალურად რთულ ჯგუფში მოვხვდით. წილისყრის შემდეგ ყველას ერთნაირი რეაქცია გვქონდა. „პორტუ“ პორტუგალიის ჩემპიონია და ძალიან კარგი გუნდია. სიმეონეს „ატლეტიკომ“ ყველას დაანახა, თუ როგორი ძლიერია, მათ შორის ჩვენც.. „მილანი“ კი უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს ჯგუფი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნაწილი ვართ. 3 ქულის მოპოვება გვინდა და ხვალ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დროის დაკარგვა და ფუჭი ქულების დაკარგვა არ გვსურს. „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის საღამოები ყოველთვის ჯადოსნურია. მოუთმენლად ველოდები „მილანთან“ მატჩს.“

ამ გუნდების ორი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება.

2005 და 2007 წელი - ჩემპიონთა ლიგის ფინალები. 2005-ის ფინალი ყველას კარგად ახსოვს. „მილანი“ მალდინის და კრესპოს(2) გოლებით 3:0-ს იგებდა და გულშემატკივრების 99%-ს ეგონა, რომ „როსონერი“ ჩემპიონი გახდებოდა, თუმცა „ლივერპულში“ ასე არ ფიქრობდნენ.

მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. 6-წუთიან მონაკვეთში მერსისაიდელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლები ჯერარდმა, შმიცერმა და ჩაბი ალონსომ გაიტანეს. ჩემპიონის ბედი კი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც დუდეკმა 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და კლუბს ნანატრი ტიტული მოაგებინა.

ზუსტად 2 წლის შემდეგ, ეს გუნდები კვლავ ლიგის ფინალში გადაეყარნენ  ერთმანეთს. ფილიპო ინძაგის დუბლით „მილანი“ 2:0-ს იგებდა. 89-ე წუთზე დირკ კიუიტმა სხვაობა შეამცირა და ყველას 2005 წლის ფინალი გაახსენდა, თუმცა ამჯერად კარლო ანჩელოტის გუნდმა თავი კარგად დაიცვა, მეტი გოლი აღარ გაუშვა და ისტორიაში მე-7 ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა.

ცნობისთვის, „ლივერპულისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 15 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები