''ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ'' - არველაძემ კობიაშვილს უპასუხა
Aa
Aa

''ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ'' - არველაძემ კობიაშვილს უპასუხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე Facebook-ში ეროვნული ნაკრების წარუმატებლობასა და ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. 

''ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე. ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ. უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას. "მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა''.

აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე ცხადია,რომ შოთა არველაძემ სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უპასუხა, რომელმაც გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' არველაძეების მისამართით შემდეგი რამ განაცხადა:

"დამარცხდება ნაკრები და ჩამწკრივდებიან, კომენტარებს აკეთებენ... აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რაღაც შეგეძლო... ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე... დგახარ, რაღაცებს პროფესორობ... შეკრება, ანტალია... თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს".

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე თვეში ორი მატჩი ჩაატარა. სანიოლის გუნდი ბათუმში კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი ესპანეთთან გასვლით მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუშვა, რასაც ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთთან სოფიაში მარცხი მოჰყვა (4:1). საერთო ჯამში, გასულ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები