თუ საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს მატჩი როგორ შედგება?
Aa
Aa

თუ საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს მატჩი როგორ შედგება?

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სოფიას ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების გზები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის გარდა, დასრულებული ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალშიც გადაკვეთილიყო, თუმცა მაშინ ჩვენი მეტოქე ჩრდილოთ მაკედონია აღმოჩნდა, რომელმაც კოსოვოს ბაიერი გაიარა, შემდეგ სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრაც მოგვიგო (0-1) და ევრო 2020-ზე ასპარეზობის უფლება წაგვართვა.

საქართველო v კოსოვო - როგორ ჩატარდება მატჩი?

როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტი გამოსცა. ამჟამად კოსოვოს დამოუკიდებლობას გაეროს წევრი 193-დან 104 ქვეყანა აღიარებს, თუმცა ამ სიაში საქართველო არ არის. გაჩნდა კითხვა, როგორ ჩატარდება მატჩი, თუ ჩვენი ქვეყანა მეტოქის დამოუკიდებლობას არ ცნობს?

საქმე ისაა, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კოსოვოს დელეგაცია, სპორტული კუთხით, საქართველოს ესტუმრება. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლები კოსოვოდან, საქართველოს საზღვარს შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული დოკუმენტაციით კვეთდნენ.

მაგალითად:

2019 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 6-13 აპრილს, ბათუმში გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ 2017 წელს ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროპის ფედერაციის კონგრესზე მოიპოვა და ისტორიაში მეორედ უმასპინძლა. ბათუმს 47 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი, ჯამში კი 50 სპორტული დელეგაციის 800-მდე სტუმარი ეწვია, მათ შორის იყო კოსოვოს დელეგაცია, თუმცა მაშინ საქართველოს განკარგულება გავრცელდა და განიმარტა, რომ კოსოვოელი სპორტსმენების უვიზოდ ჩამოსვლა და ჩემპიონატში მათი მონაწილეობა საქართველოს მიერ კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას არ ნიშნავდა.

უფრო ადრე, 2015 წელს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ თბილისში გასამართი, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულება გაავრცელა:

„ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას".

თუ პოლიტიკური მიზეზით მატჩი ვერ ჩატარდება, რა მოხდება?

ფეხბურთის ევროპულმა მმართველმა ორგანომ დაანონსა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქვეყანა კოსოვოს მასპინძლობას ვერ შეძლებდა, შესაბამისი წერილის საფუძველზე, UEFA შეხვედრას სხვა, ნეიტრალურ სტადიონზე გადაიტანდა.

მატჩის მასპინძელი სტადიონი და გულშემატკივარი

2 სექტემბერს, საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების მატჩი ბათუმი არენაზე, 20:00 საათიდან დაიწყება.

ბუნებრივია, მომავალი მატჩების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით საინტერესოა რა ბედი ელის გულშემატკივარს, რომელიც ბათუმში გასამართ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავდა. მოგეხსენებათ, 4 სექტემბრამდე საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, რაც კორონავირუსის პანდემიასა და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განმარტებით:

„ეს ბათუმის ახალ არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი თამაში იქნება და რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, მატჩზე მაყურებლის დასწრება რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენი და ყველას სურვილია, რომ ეროვნულ გუნდს გულშემატკივარმა ტრიბუნებიდან უქომაგოს. იმედიანად ვარ განწყობილი, მაგრამ დღეს ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს 2 სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე იქნება ცნობილი. შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებს გავივლით და მატჩამდე რა რეგულაციები იქნება, ეს ჯერ არ ვიცით, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით მუჯირმა.

საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანგმა ვილი სანიოლმა დაიწყო. საქართველო ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ჯგუფში ასპარეზობს, მიუხედავად ნაჩვენები სათამაშო ხარისხის პროგრესის, 3 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს ( მარცხი / 1 ფრე) და ცხრილში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მე-5, ბოლო პოზიციაზე, 1 გატანილი და 6 გაშვებული ბურთით, სწორედ ჩვენი მომავალი მეტოქე, კოსოვოა.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები