სივასპორის მწვრთნელი: „7 ფეხბურთელი დაგვაკლდება, თუმცა მეტოქეს არ ვუფრთხით
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  20:10

სივასპორის მწვრთნელი: „7 ფეხბურთელი დაგვაკლდება, თუმცა მეტოქეს არ ვუფრთხით"

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე, მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა ბელარუსში,  „ბატეს" დამაჯერებელი ანგარიშით - 1-4 მოუგო (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

რიზა კალიმბაი - „სივასპორის" მთავარი მწვრთნელი

„ჩვენი მეტოქე დინამო ბათუმი ძალიან კარგი გუნდია და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ მეტოქე ნამდვილად რთულია.

დანაკლისით ჩამოვედით, 7 ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა მეტოქეს არ ვუფრთხით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც განმეორებით შეხვედრაში, თურქეთში გადაწყდება, აქ კი ჩვენთვის სასურველი ანგარიშის დაფიქსირებას ვეცდებით.

საქართველო მიყვარს, მიყვარს ქართველი ხალხიც. შესაბამისად, სასიამოვნო მატჩსა და ღირსეულ გამარჯვებულს ველი".

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში, 5 აგვისტოს ჩაატარებს. შეხვედრა ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან დაიწყება, ხოლო, გუნდების საპასუხო მატჩი სტუმრად, 12 აგვისტოს შედგება და სტარტს 22:00 საათიდან აიღებს.

„დინამო" ბათუმი v „სივასპორის" მატჩის არბიტრები

ბათუმში ბოსნია და ჰერცოგოვინას წარმომადგენლები იმსაჯებენ. კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 37 წლის ირფან პელჯტო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელჯო გაუწევენ. მეოთხე მსაჯი მილოშ გიგოვიჩი იქნება.

ირფან პელჯტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მსაჯობის გამოცდილება აქვს. მას ასევე უმუშავია ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებზე. მანვე განსაჯა მაისში, ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატის მატჩი, სადაც საფრანგეთი დანიის წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0-1).

საინტერესოა, რომ გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ინტერესი უდიდესია - აღსანიშნავია, რომ „დინამო" ბათუმი v „სივასპორის" მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად დაახლოებით 3 საათში გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები