საქართველოს ქალთა თასი - ნიკემ კვარტალი გაანადგურა
Aa
Aa

საქართველოს ქალთა თასი - ნიკემ კვარტალი გაანადგურა

საქართველოს ქალთა ფეხბურთში დღეს თასის მეოთხედფინალური თამაშები გაიმართა. ყველაზე დიდ ყურადღებას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „ნიკეს“ და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის „კვარტალის“ თამაში იწვევდა. გულშემატკივრები დაძაბულ და თანაბარ ბრძოლას ელოდებოდნენ, თუმცა გივი კვარაცხელიას გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში „ნიკე“ დომინირებდა და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა. მეტიც, თბილისურ კლუბს 4 გოლზე მეტის გატანაც შეეძლო, თუმცა რიგ ეპიზოდებში „კვარტალის“ კარის დარაჯი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ანგარიში მე-14 წუთზე მატვეევამ გახსნა და პირველი ტაიმი სწორედ ამ შედეგით დასრულდა. მეორე ნახევარში „ნიკე“ უფრო მეტად გააქტიურდა და კიდევ 3 გოლი გაიტანა. თავი მიყოლებით კირვალიძემ, ისევ მატვეევამ და შემდეგ ჭიჭინაძემ გამოიჩინეს.

ცნობისთვის, საქართველოს თასზე დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა. „გორი იუნაიტედი“ საკუთარ კედლებში „ხობთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. ძირითადი დრო კი 3:3 დასრულდა.

„ფენიქსმა“ სტუმრად „დიდგორი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „ლანჩხუთისა“ და „ნორჩი დინამოს“ თამაში გადაიდო. ნახევარფინალური წყვილები კი კენჭისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

„პირველი წუთებიდან ინიციატივა ჩვენ ავიღეთ და მოწინააღმდეგეს ძალიან ბევრი მომენტი შევუქმენით. პირველი გოლი სტანდარტიდან გავიტანეთ და რეალურად „კვარტალს“ ძალიან ვაჯობეთ. ვფიქრობ, კენჭისყრის შემდეგ, თუ „ლანჩხუთს“ არ შევხვდებით ფინალში ჩვენ და გურული გუნდი გავალთ.“

- თქვა გივი კვარაცხელიამ Crystalsport-თან საუბრისას

„მატჩი კარგად ჩავატარეთ, შევასრულეთ ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა. ამის გამო მოგება არ გაგვიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძალიან უხეშობდა, იყო რამდენიმე შეკამათების მომენტიც, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ და მთავარიც ეს არის. ყველა ბოლომდე დაიხარჯა. იმისთვის რომ შემდეგ მატჩებშიც გავიმარჯვოთ აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. ნახევარფინალში არ აქვს მნიშვნელობა ვის შევხვდებით.. ჩვენ ყველასთვის მზად ვართ.“

- თქვა „ნიკეს“ ნახევარმცველმა მაიკო ბებიამ Crystalsport-თან საუბრისას

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები