Aa
Aa

"მაკრიტიკებდნენ, ეგონათ ფული მაინტერესებდა" - ვაინალდუმი ლივერპულის ქომაგებზე

ჟორჟინიო ვაინალდუმი სეზონის დასრულების შემდეგ „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდა. ნიდერლანდელი ნახევარმცველი ლივერპულში ძალიან უყვარდათ და ეს გულშემატკივრებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, თუმცა თავად ფეხბურთელი საინტერესო და არასასიამოვნო დეტალებს იხსენებს.

რა თქვა ვაინალდუმმა?

„გულშემატკივრები სტადიონზე და გულშემატკივრები სოციალურ ქსელში სულ სხვადასხვანაირები არიან. ეს ორი განსხვავებული სფეროა. სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, თუმცა იგივეს სოციალურ ქსელზე ვერ ვიტყვი. თუ ვაგებდით, მხოლოდ ჩემი ბრალი იყო და ძალიან მაკრიტიკებდნენ.

იყო მომენტები, როდესაც ვერც სიყვარულს ვგრძნობდი და ვერც დაფასებას. საუბარი ჩემ თანაგუნდელებზე და ხალხზე მელვუდიდან არ არის. მე სულ სხვა მხარეზე მაქვს ლაპარაკი.  გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულმა“ ახალი შეთავაზება გამიკეთა, მაგრამ მე არ დავთანხმდი. ამის მიზეზად კი უფრო მეტი ფულის სურვილი დაასახელეს.

გულშემატკივრებმა კი ასეთი რამ თქვეს: „დიახ, ის ბევრ ფულს არ იღებს, ამიტომ სტადიონზე ბოლომდე არ დაიხარჯება და თავის საუკეთესო თამაშს არ აჩვენებს.“

რომ იცოდნენ, თუ რამდენს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მუდამ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, ამას აღარ იტყოდნენ. ბოლო წლებში ჩვენ ვხვდებით ფეხბურთელებს, რომლებიც ხშირად იმის გამო არ თამაშობენ, რომ ეს გარკვეულ რისკებთან ასოცირდება. მე კი მუდამ ამის საწინააღმდეგოს ვაკეთებდი.

ჩემი თანაგუნდელებისთვის არასდროს ვყოფილვარ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ვერ დაეყრდნობოდნენ. მწვრთნელიც იგივეს ფიქრობდა. ყველამ იცოდა, რომ მე სხვადასხვა პოზიციაზე შემეძლო თამაში და გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებდი.

როგორც გითხარით, სტადიონზე მყოფი გულშემატკივრებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი. იგივეს თქმა შემიძლია მწვრთნელზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც კლუბში მუშაობდა. როდესაც წასვლა გადავწყვიტე ფეხბურთელებმა მკითხეს იყო თუ არა ეს ჩემი ბოლო ვარჯიში. ემოციური და რთული მომენტი იყო.

ჩემს ცრემლებს დიდ ხანს ვებრძოდი. სიყვარული და თანადგომა ყველამ დამანახა. ბოლო მატჩი კი „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ დაუვიწყარი და ულამაზესი იყო.“

ვაინალდუმი „ლივერპულში“

30 წლის ფეხბურთელი მერსისაიდულ გრანდს 2016 წელს შეუერთდა. ვაინალდუმს „ლივერპულის“ ფორმა 5 წლის განმავლობაში ეცვა. ამ პერიოდში კი მან ყველა ტურნირზე ერთად 237 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები