Aa Aa
21 ივლისი 2021  |  09:26

იანისის რთული გზა და ბეჭედი - მილუოკი NBA-ის ჩემპიონია!

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების სეზონი „მილუოკი ბაქსის“ ტრიუმფით დასრულდა. ვისკონსინელებმა სუპერფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში „ფინიქს სანსი“ 105-98 დაამარცხეს, საერთო ჯამში, 4-2 მოიგეს და ლარი ობრაიენის სახელობის თასს 1971 წლის შემდეგ პირველად დაეუფლნენ.

მე-6 მატჩში, „მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. „გრიკ ფრიკმა“ ფენომენალურად იასპარეზა, ფინალური სერიის MVP გახდა და ბოლო შეხვედრაში 50 ქულა, 14 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება გაიფორმა. იანისი პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 50 ქულა, 10 მოხსნა და 5 ბლოკი მიითვალა. ამასთან, იგი მე-7 მოთამაშეა, რომელმაც სუპერფინალური სერიის შეხვედრაში მინიმუმ 50 ქულა დააგროვა.

„დიდი მადლობა მილუოკი. თქვენ ჩემი გჯეროდათ და საკუთარი გუნდის რწმენა არასდროს დამიკარგავს. მინდოდა, ტიტული ამ ქალაქში, ამ ბიჭებთან ერთად მომეპოვებინა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოგვივიდა. შემეძლო, სუპერ გუნდში გადავსულიყავი და ჩემპიონობის მოგებაში ჩემი წვლილი შემეტანა, მაგრამ რთული გზა ავირჩიე და ჩვენ ეს შევძელით!“, - განაცხადა მატჩის შემდეგ იანისმა.

„მილუოკის“ რიგებში ანტეტოკოუნმპოს გარდა, 17 ქულითა და 5 მოხსნით კრის მიდლტონი გამოირჩა. ბობი პორტისს 16 ქულა ჰქონდა, ხოლო ჯოლიდეიმ და ლოპესმა 12 და 10 ქულა ჩააგდეს. „ფინიქსს“ 26 ქულით კრის პოლმა ულიდერა. დევინ ბუკერს 19 ქულა ჰქონდა. ეიტონისა და კრაუდერის ანგარიშზე კი 12 და 15 ქულა იყო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში