სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის - რუსეთში ხვიჩა გამოარჩიეს
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის - რუსეთში ხვიჩა გამოარჩიეს

რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო 33 ფეხბურთელი დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, რჩეულთა შორის „რუბინის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

„კვარა“ საუკეთესო მარცხენა ნახევარმცველად დაასახელეს და მის გარდა, ამ პოზიციაზე დანიილ ლესოვოი და ჩიდერა ეჯუკე გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ჯვაროსნების“ შემტევს სხვადასხვა ევროპულ კლუბებს უკავშირებდნენ, რომელთა შორის „დორტმუნდი“, „სევილია“ და „ლიდსი“ არიან.

ახლახან, „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ხვიჩას შეძენით საკმარისად ბევრი კლუბი ინტერესდება. ჩვენ 3.5 ოფიციალური წინადადება უკვე მივიღეთ და საუბარი დიდ ორგანიზაციებზეა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები