გაგრა v სუტიესკა: მატჩისწინა კომენტარები, ბილეთები, ტრანსლაცია
Aa
Aa

გაგრა v სუტიესკა: მატჩისწინა კომენტარები, ბილეთები, ტრანსლაცია

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გაგრა" მონტენეგროს  „სუტიესკას" სტუმრად დაუპირისპირდა, განმეორებით მატჩს კი 15 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან გამართავს.

მონტენეგროში გამართული მატჩი „სუტიესკამ" მინიმალური სხვაობით (1-0) მოიგო, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თბილისში გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ, გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია.

მომავალი მატჩისთვის „გაგრა" სრული დატვირთვით ემზადება.

CrystalSport-ი ფეხბურთელებს გაესაუბრა, სამზადისსა და მოლოდინზე ჰკითხა.

ვასილ ხოსიტაშვილი (კაპიტანი)

„რა თქმა უნდა, პირველი თამაში ადვილი არ იყო, შეხვედრა სტუმრად ჩავატარეთ, თუმცა ვთვლი, რომ შეიძლებოდა საბოლოოდ ჩვენს სასიკეთოდაც დასრულებულიყო.

განმეორებით მატჩს რაც შეეხება, გაორმაგებული მოტივაციით ველოდებით. ვფიქრობ, შეგვწევს ის რეალური ძალა ეს ბარიერი დავძლიოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. მინდა, მათ მივმართო და ვუთხრა, რომ მოვიდნენ სტადიონზე, ერთად დავდგეთ".

ვაკო ხაბელაშვილი

„ფსიქოლოგიური კუთხით პირველი თამაში ცოტა რთული გამოვიდა, რადგან მატჩის დასაწყისში ვერ ვირწმუნეთ  გამარჯვება რომ შეგვეძლო, რის გამოც გოლი მალევე მივიღეთ. გოლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა - ყველა ასპექტში მოვიპოვეთ უპირატესობა და გვქონდა რამოდენიმე საგოლე ეპიზოდიც, თუმცა არ გაგვიმართლა.

რა თქმა უნდა, განმეორებითი შეხვედრისთვის სრული კონცენტრაციით ვემზადებით და 15 რიცხვს ველოდებით. არ დაგიმალავთ, გვჯერა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მოვა და გვერდით დაგვიდგება, რადგან  ეს გაგრაა, გაგრა კი საქართველოა.

მაქსიმალურად დავიხარჯებით, ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და  გულშემატკივრის გულის მოსაგებად. 

აქვე, მინდა, წარმატება ვუსურვო ევროტუნირებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა გუნდს".

გიორგი ვეკუა

„პირველი თამაში შედარებით ცუდად დავიწყეთ. საწყის წუთებში გოლი გავუშვით და ინიციატივა ხელში მხოლოდ ამის შემდეგ ავიღეთ. სამწუხაროდ, გამოუცდელობამ, დაძაბულმა ფონმა და სხვა გარე ფაქტორებმაც გავლენა იქონია და რეალური შანსების მიუხედავად, პირველ მატჩში დავმარცხდით. ერთ-ერთ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მივიღე და ძალიან მინდა, რომ ეს შეცდომა გამოვასწორო.

განმეორებით მატჩს საბრძოლო განწყობით ვხვდებით და ვფიქრობ, შეგვიძლია ამ ბარიერის დაძლევა.

ჩვენთვის გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია და გვსურს, რაც შეიძლება დიდი რაოდენობა მოვიდეს. მათი მხარდაჭერა დამატებითი სტიმული იქნება და დიდ დახმარებას გაგვიწევს. თუნდაც, მხოლოდ სახელი ,,გაგრა” დიდ დატვირთვას ატარებს და სხვა მიზეზების გარეშეც, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შემდეგ ეტაპზე გასვლას".

გია ჩადუნელი

„მარცხის მიუხედავად მონტენეგროში ჩატარებულ პირველ მატჩს დადებითად შევაფასებ, რადგან გუნდის უმრავლესობამ ევროტურნირზე პირველად ითამაშა, რაც ადვილი არ არის. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. გვქონდა მომენტები, რომელიც ვერ გამოვიყენეთ.

რაც შეეხება საშინაო შეხვედრას, ყველა მოუთმენლად ველით, გუნდი ძალიან მოტივირებულია. პირველი მატჩისგან განსხვავებით, უკეთ ვიცით რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე და რა უნდა დავუპირისპიროთ, მითუმეტეს, საშინაო მატჩია და ორმაგად მოტივირებულები ვართ, რათა ჩვენი გულშემატკივრის გახარება შევძლოთ.

რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, გამარჯვების მოლოდინი გვაქვს, ჩვენი გუნდი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს".

გაგრას განაცხადი კონფერენს ლიგისთვის

მეკარეები: დავით კერესელიძე, ნიკა ქავთარაძე

მცველები: ვასილ ხოსიტაშვილი, გია ჩადუნელი, ლუკა ნოზაძე,  დავით სამსონია, დავით საჯაია, რატი კაკიაშვილი

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე, ერეკლე სულთანიშვილი, ივანე ხაბელაშვილი, სანდრო შეწირული, გიორგი ვეკუა, ლაშა ჩიხრაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი გვიშიანი, გიორგი ქობულაძე, გაგა გაზდელიანი

თავდამსხმელები: თამაზ მაქაცარია, თორნიკე მუმლაძე, გურამ სამუშია, დავით იონანიძე

მატჩის ბილეთები

შეხვედრას დაესწრება  სტადიონის სრული ტევადობის 50%. მოგეხსენებათ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სრული ტევადობა 27 223-ია.

მატჩის ბილეთების რეალიზაცია დღეს, TKT.GE-ზე დაიწყო. ბილეთების ღირებულება 3-5 ლარია. ერთ გულშემატკივარს მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთების ყიდვა

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი

15 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაგრა v სუტიესკას შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები