სათქმელი და მოსაყოლი ძალიან ბევრია | გიორგი ყიფიანი ლოკომოტივს დაემშვიდობა
საფეხბურთო ფუნქციონერმა გიორგი ყიფიანმა თბილისის ლოკომოტივში მუშაობის 11-წლიანი პერიოდი დაასრულა. ამ თემაზე Facebook-ში ვრცელი პოსტი დაწერა.
„დღეს განსაკუთრებული დღე მაქვს. იმდენია სათქმელი და მოსაყოლი, რომ მიჭირს საწყისი წერტილის პოვნა. 11 წელი ნამდვილად არაა ცოტა.
ზოგადად, ფეხბურთს აქვს იმის უნარი, რომ არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავდეს.
ბევრჯერ მიფიქრია — რას შევცვლიდი წარსულიდან? რას გავაკეთებდი სხვანაირად? იდეაში — არაფერს. ყველა ის პროცესი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გავიარე, ძალიან ფასეული გამოცდილებაა. თუ ამ გამოცდილებას შანსი აქვს, რომ რაღაც კარგსა და საინტერესოში კონვერტირდეს, ეს, წესით, მომავალში უნდა მოხდეს. სხვათაშორის, ამის იმედი ნამდვილად მაქვს.
ბანალურად ჟღერს, მაგრამ მარტივი და ნაღდი ფორმულაა — ადამიანები კარგი და ცუდი გამოცდილებებით ვსწავლობთ ცხოვრებას, საქმეს, ქცევას და კიდევ ბევრ რამეს.
ამ მოცემულობაში ჩემთვის სამი ძირითადი რამ არის მთავარი:
პირველი — ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რაც ლოკომოტივისთვის გავაკეთე.
მეორე — ბედნიერი ვარ იმით, რაც ლოკომოტივმა ჩემთვის გააკეთა.
მესამე — ლოკომოტივი ყოველთვის იდგა სწორ მხარეს, აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას და ღიად საუბრობდა იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შენდებოდეს. ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ.
დიდი მადლობა ლექსო თოფურიას უწყვეტი და უსაზღვრო მხარდაჭერისთვის, რომელმაც მომიყვანა ამ წერტილამდე — ცხოვრებაში და კარიერაში.
დიდი მადლობა დათუნა ყიფიანს, რომ ბოლომდე ჩემს გვერდით იდგა და არასდროს მიმატოვა. დღეიდან ის იჯდება ლოკომოტივის საჭესთან, ღირსეულად და დამსახურებულად.
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრობდა ჩვენს კლუბს და გულწრფელი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში.
ამ ხანგრძლივ თავგადასავალში ბევრი გამორჩეული მომენტი დაგროვდა. გამარჯვებები, მარცხები, „ფრეები“… მე ჩემს საყვარელ ფოტოებს დავტოვებ სამახსოვროდ. თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული მოგონება და სიყვარული მაკავშირებს.
წარმატებებს ვუსურვებ ლოკომოტივს მომავალში!''
გასული 11-წლიანი პერიოდიდან გამოსარჩევია 2020-21 წლების ევროსეზონი, როცა გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპა ლიგაზე კრაიოვასა და მოსკოვის დინამოს ბარიერი გადალახა და მესამე ეტაპზე ესპანურ გრანადასთან დამარცხდა.
გასულ სეზონში ლოკო რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა.