მეორე გამარჯვება ფინიქსს - იანისის 42-მა ქულამ მილუოკი ვერ გადაარჩინა
Aa
Aa

მეორე გამარჯვება ფინიქსს - იანისის 42-მა ქულამ მილუოკი ვერ გადაარჩინა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალურ სერიაში „ფინიქს სანსმა“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. არიზონელებმა საკუთარ კედლებში გამართული მეორე შეხვედრაც მოიგეს და სერიაში 2-0 დაწინაურდნენ.

მატჩის სტარტზე, ინიციატივას „მილუოკი“ ფლობდა და „ბაქსმა“ პირველ მეოთხედში 3 ქულით იმარჯვა, თუმცა მეორე თორმეტწუთეული 16-30 წააგო. მეორე ნახევარში, „მილუოკიმ“ თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა და ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა. „ბაქსის“ ქომაგთა სამწუხაროდ, ეს მათი საყვარელი გუნდის მაქსიმუმი აღმოჩნდა და „ფინიქსმა“ 118-108 იმარჯვა.

„სანსს“ დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მაიკალ ბრიჯისს ბრწყინვალე საღამო ჰქონდა და 27 ქულითა და 7 მოხსნით გამოირჩა. კრის პოლმა 23 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა, ხოლო კრაუდერმა და ეიტონმა 11 და 10 ქულა ჩააგდეს.

„კარგ პოზიციაში ვიმყოფებით, საკუთარი გუნდის გვჯერა და 2 დღის შემდეგ, მილუოკიში მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩვენთვის ახლა სერიაში ანგარიში 0-0-ია და არა 2-0. სეზონის ამ ნაწილში, ფინიქსისთვის თითოეული შეხვედრა მე-7 თამაშის ტოლფასია. კონცენტრირებული ვართ, ვიცით, რომ ბაქსი შესანიშნავი გუნდია და მილუოკიში ხმაურიანი გარემო დაგხვდება, თუმცა ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ბუკერმა მატჩის შემდეგ.

„მილუოკის“ რაც შეეხება, „ბაქსს“ 42 ქულითა და 12 მოხსნით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ჯრუ ჰოლიდეის 17 ქულა ჰქონდა, თუმცა 21-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო, მიდლტონმა კი 16-დან 5 სროლა გამოიყენა და 11 ქულას დასჯერდა.

ამრიგად, „ფინიქსი“ 2-0-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს. სერიის მე-3 მატჩი 12 ივლისს, თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები