ატლანტამ იანგის გარეშე მოიგო - იანისმა ტრავმა მიიღო
Aa
Aa

ატლანტამ იანგის გარეშე მოიგო - იანისმა ტრავმა მიიღო

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ატლანტა ჰოუქსმა“ ანგარიში გაათანაბრა. ჯორჯიელებმა უდავო ლიდერის, ტრეი იანგის გარეშე იასპარეზეს, თუმცა სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს და „მილუოკისთან“ 110-88 იმარჯვეს.

მატჩის გადამწყვეტი მომენტი მე-3 მეოთხედში ვიხილეთ, როცა „ბაქსის“ კალათბურთელმა, იანის ანტეტოკოუნმპომ ტრავმა მიიღო. „გრიკ ფრიკმა“ მუხლი დაიზიანა და პარკეტი გაჭირვებით დატოვა, თუმცა მოგვიანებით, სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა. ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, ბერძენ სუპერვარსკვლავს უახლოეს პერიოდში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გაირკვევა, ტრავმა რამდენად სერიოზულია.

იანგის გარეშე მოთამაშე „ატლანტას“ ლუ უილიამსმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა გაიფორმა. ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 20 ქულა, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა იყო. კაპელა და უერტერი 15-15 ქულას დასჯერდნენ, ხოლო რედიშმა და გალინარიმ მატჩი 12 და 10 ქულით დაასრულეს.

„მილუოკის“ რიგებში 19 ქულითა და 9 ასისტით ჯრუ ჰოლიდეი გამოირჩა. კრის მიდლტონს 16 ქულა ჰქონდა, თუმცა 7-დან ყველა სამიანი გააცუდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა, იანისმა კი 24 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში თანაბარია და მომდევნო შეხვედრა ვისკონსინში გაიმართება. „მილუოკისა“ და „ატლანტას“ მე-5 მატჩს 2 ივლისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები