ბელგიელი მეკარე, რომელიც რონალდუს დაემუქრა და კრიშტიანუს შურისძიება
Aa
Aa

ბელგიელი მეკარე, რომელიც რონალდუს დაემუქრა და კრიშტიანუს შურისძიება

დღეს, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებას ვიხილავთ და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩამდე Marca-მ 2007 წელს გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც „სელესაომ“ 4-0 მოიგო. 2007 წლის მარტში, პორტუგალია ევრო 2008-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავ ფორმაში გახლდათ.

პორტუგალიასთან მატჩამდე ბელგიის ნაკრების კარის დარაჯმა, სტეინ სტეინენმა გააკეთა განცხადება, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა: „კრიშტიანუ რონალდუზე უნდა ვინადიროთ, რათა მან ვერ ითამაშოს და მოედანი საკაცით დატოვოს. თანაგუნდელებისგან არ ვითხოვ, რომ მას ფეხები მოსტეხონ. უბრალოდ მინდა, რომ მის წინააღმდეგ აგრესიულად ვითამაშოთ და თუ საჭირო იქნება, ჩავარტყათ კიდეც“.

სტეინენის სიტყვების შემდეგ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში საჩივარი შეიტანა და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ამ მუქარაზე რეაგირება მოსთხოვა. პორტუგალიელ კოლეგებს ბელგიიდან უპასუხეს და თავიანთი გოლკიპერი გაამართლეს. „სტეინენმა აგრესიული ფეხბურთი მოითხოვა და ეს მატჩი ომს შეადარა. მისი განცხადება არასწორად იქნა გაგებული და იგი რონალდუს არ დამუქრებია“, - აღნიშნა „წითელი ეშმაკების“ სპიკერმა, ნიკოლას კორნუმ.

ბელგიელთა მეკარის სიტყვები რონალდუსთვის მოტივაციად იქცა. პორტუგალიამ 4-0 იმარჯვა და კრიშტიანუმ ორი ბურთი შეაგდო, მატჩის შემდეგ კი სტეინენს ყველაფერი აპატია. „მან ბოდიში მომიხადა და მისი ბოდიში მივიღე. ჩემთვის, ეს პრობლემა არაა. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება და დრამის დადგმა საჭირო არ გახლავთ. მთავარია, რომ 3 ქულა ავიღეთ“, - განაცხადა რონალდუმ.

ცნობისთვის, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პორტუგალიამ 8-გუნდიან ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ პოლონეთს ჩამორჩა, ბელგია კი მე-5 პოზიციას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები