დოკ რივერსის ფილადელფიას სრული კრახი - ატლანტამ მე-7 შეხვედრა სტუმრად მოიგო
Aa
Aa

დოკ რივერსის ფილადელფიას სრული კრახი - ატლანტამ მე-7 შეხვედრა სტუმრად მოიგო

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „მილუოკი ბაქსს“ „ატლანტა ჰოუქსი“ დაუპირისპირდება. ჯორჯიელებმა „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ მე-7 შეხვედრა მოუგეს და სტუმრად გამართულ მატჩში 103-96 იმარჯვეს.

„ატლანტა“ 1994 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელსაც ოლ-სტარი არ ჰყოლია, მაგრამ კონფერენციის ფინალში მაინც გავიდა.

„ჰოუქსის“ უდავო ლიდერმა, ტრეი იანგმა ცუდი მატჩი ჩაატარა. „აის ტრეიმ“ 23-დან 5 ბურთი და 11-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 6 დაკარგვაც ჰქონდა, თუმცა 10 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა მიითვალა. იანგის წარუმატებელი ასპარეზობა კევინ უერტერის ბრწყინვალე გამოსვლამ გადაფარა, რომელმაც 27 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი გაიფორმა. დანილო გალინარის 17 ქულა ჰქონდა, ხოლო კოლინსმა და კაპელამ 14 და 13 ქულა დააგროვეს.

„ფილადელფიას“ რიგებში საუკეთესო ჯოელ ემბიდი იყო - 31 ქულა, 11 მოხსნა. ტობაიას ჰერისს 24 ქულა ჰქონდა. სეთ კარიმ კი 16 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ „ატლანტა“ „მილუოკისთან“ გასამართ პირველ 2 შეხვედრას სტუმრად გამართავს. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირება 24 ივნისს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები