პარტიიდან გააგდეს - ნოიერი კაპიტნის სამკლაურისთვის გააკრიტიკა
Aa
Aa

პარტიიდან გააგდეს - ნოიერი კაპიტნის სამკლაურისთვის გააკრიტიკა

გერმანიის მემარჯვენეთა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) წევრმა უვე იუნგემ მანუელ ნოიერი LGBT ფერებით გაწყობილი კაპიტნის სამკლაურის გამო გააკრიტიკა, რისთვისაც მას პარტია დაატოვებინეს.

„უნგრეთთან მატჩში მიუნხენის არენამ LGBT ფერებში უნდა იბრწყინოს და ეროვნული ნაკრების კაპიტანი ნოიერი ჩვენი ეროვნული ფერების ნაცვლად გეი სამკლაურს ატარებს. მხოლოდ ისღა დარჩა, რომ მატჩის წინ დაიჩოქოს და უფრო მეტ გულშემატკივარს დაკარგავს“. - დაწერა სოციალურ ქსელში უვე იუნგემ.

ცოტა ხნის შემდეგ იუნგემ პოსტი წაშალა და ახალი გამოაქვეყნა:

„მე გეი სამკლაურის ტვიტი წავშალე. ამ ტერმინისთვის ბოდიშს ვიხდი. შინაარსობრივი თვალსაზრისით, მე ვეყრდნობი იმ ფაქტს, რომ ამგვარ განცხადებებს საერთო არაფერი აქვს ეროვნული ნაკრების მაისურთან. ჩვენი ფერებია შავი, წითელი და ოქროსფერი“. - დაწერა იუნგემ.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იუნგეს განცხადებებს მკაცრად და დროულად გამოეხმაურა. AFD-ის ლიდერმა ალისა ვეიდელმა მოუწოდა უვეს, რომ პარტია დაეტოვებინა, რადგან მან „ძალიან შორს შეტოპა“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში გერმანიის ნაკრები მიუნხენში „ალიანს არენაზე“ უნგრეთს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ქალაქის საკრებულომ წამოაყენა იდეა, რომ სტადიონის გარე ფასადი LGBT ფერებში განათდეს.

„მიუნხენი მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, ტოლერანტობასა და ჭეშმარიტ თანასწორობას სპორტულ საზოგადოებაში.

გერმანია-უნგრეთის მატჩთან დაკავშირებით, ჩვენს საბჭოს სურს, რომ უნგრეთის LGBT საზოგადოებას სოლიდარობის მესიჯი გაუგზავნოს, რომლებიც უნგრეთში არსებული კანონების გამო იტანჯებიან“. - ნათქვამია მიუნხენის საბჭოს ექვსივე ფრაქციის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები