ალეგრი კეინს უმიზნებს - ინგლისელს ტოტენჰემის დატოვება სურს
Aa
Aa

ალეგრი კეინს უმიზნებს - ინგლისელს ტოტენჰემის დატოვება სურს

ტურინის ''იუვენტუსი'' ჰარი კეინს უმიზნებს. Calciomercato.it-ის ცნობით იტალიურ გრანდში დაბრუნებულ მასიმილიანო ალეგრის ინგლისელ თავდამსხმელთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. ამასთან ერთად, 27 წლის ფეხბურთელმა ''დეზების'' მმართველებს განუცხადა, რომ კლუბის დატოვება და ტიტულების მოგება სურს.

''იუვენტუსის'' წარმომადგენლები ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანს უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა შეთანხმების მიღწევა ხელფასთან და სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული იქნება.

ორწლიანი პაუზის შემდეგ ''იუვენტუსის'' მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული მასიმილიანო ალეგრი ბრიტანელთან ხელშეკრულების გაფორმებას მიმდინარე ზაფხულში გეგმავს.

კეინს პროფესიული კარიერის უდიდესი ნაწილი ''ტოტენჰემში'' აქვს გატარებული, თუმცა გუნდური საკლუბო ტურნირი არასდროს მოუგია. 2018-19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ფინალში კლოპის ''ლივერპულთან'' დამარცხდა (0:2).

ჰარი კეინი ლონდონურ კლუბთან ერთად ინგლისის ლიგის თასის ფინალში ორჯერ გავიდა, თუმცა ორივე ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა (2014-15, 2020-21).

მოთამაშეს მხოლოდ ინგლისურ კლუბებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს. ''ტოტენჰემის'' გარდა, იჯარით ''ლეიტონში'', ''მილუოლში'', ''ნორვიჩსა'' და ''ლესტერში'' უთამაშია.

ინგლისის ნაკრების ისტორიაში გოლების რაოდენობის მიხედვით ჰარი კეინი მე-6 ადგილზეა, მან 54 მატჩში 34 გოლი შეაგდო. პირველ ადგილს უეინ რუნი 53 გოლით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები