''აბუს'' ამბიციური თურქული კლუბი იწვევს - ანორთოსისში დაბრუნება გამორიცხულია
Aa
Aa

''აბუს'' ამბიციური თურქული კლუბი იწვევს - ანორთოსისში დაბრუნება გამორიცხულია

CrystalSport-ის ცნობით ''ანორთოსისსა'' და გიორგი აბურჯანიას შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ნახევარმცველის კვიპროსულ კლუბში დაბრუნების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ''ანორთოსისს'' მოლაპარაკების დაწყების მცდელობა ექნება, უდიდესი ალბათობით პასუხი უარყოფითი იქნება. რეალურად, აბურჯანიას თემურ ქეცბაიას გუნდში გადასვლა გამორიცხულია, თუმცა როგორც კვიპროსული მედია წერს, ''ნიუკასლის'' ექს-ფორვარდს აბურჯანიასთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს.

მოთამაშე ამჟამად თავისუფალი აგენტია, მას ''კარტახენამ'' ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, თუმცა ''სევილიას'' ექს-ნახევარმცველს გადაწყვეტილება არ მიუღია.

CrystalSport-ის ცნობით თურქეთის სუპერლიგის ''სივასპორმა'' აბურჯანიას ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კარიერა ამბიციურ თურქულ კლუბში გააგრძელოს. 2020-21 წლების სეზონში ''სივასპორი'' მე-5 ადგილზე გავიდა და შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

მოთამაშე თურქულ კლუბში გადასვლაზე ფიქრობს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ერთის მხრივ ''სივასპორი'' ყოველ სეზონში პროგრესირებს და ამბიციურ კლუბად იქცა, თუმცა მეორეს მხრივ მოთამაშეს დასავლეთ ევროპაში თამაშის დიდი სურვილი აქვს. გარდა ამ ფაქტორებისა, სეზონი ახლახანს დასრულდა და შესაძლოა, მან სხვა წინადადებებიც მიიღო, მათ შორის დასავლეთ ევროპიდან.

ასევე, აბურჯანიამ უარი პოლონეთის ექსტრაკლასას ერთ-ერთ კლუბს უთხრა. 

გასული სეზონი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''ოვიედოში'' დაიწყო, თუმცა მთავარი მწვრთნელი ხოსე ზიგანდა არ ენდობოდა, რის გამოც კლუბი დატოვა და სეზონის ბოლომდე ''კარტახენაში'' იასპარეზა. მან ''კარტახენას'' რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 29-ე ტურში „პონფერადინას“ ბრწყინვალე გოლი შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები