ბაიერნის 15 რჩეულს შორის მოხვდა - უნიკალური შანსი ნიკა ნოზაძეს
Aa
Aa

ბაიერნის 15 რჩეულს შორის მოხვდა - უნიკალური შანსი ნიკა ნოზაძეს

პროფესიონალურ ფეხბურთელობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ოცნებობს. „ბაიერნი“ და მისი პარტნიორი, Volkswagen 19-წლამდე ასაკის 15 ახალგაზრდას ოცნებასთან მიახლოების შანსს აძლევს და ერთ-ერთი მათგანი ქართველი ფეხბურთელი, ნიკა ნოზაძეა.

„რეკორდმაისტერმა“ საკუთარი პროექტის, FC Bayern World Squad-ის ფარგლებში 64 ქვეყნის 654 ახალგაზრდისგან 1200-ზე მეტი მოკლე ვიდეო მიიღო, რომელზეც მათი საფეხბურთო შესაძლებლობები იყო აღწერილი და ნოზაძე სწორედ მათ შორის გამოარჩიეს. გადაწყვეტილება „ბაიერნის“ ყოფილმა კაპიტანმა, კლაუს აუგენტალერმა და ახალგაზრდული კლუბის თავკაცმა, კრისტოფერ ლოხმა მიიღეს.

მომდევნო თვეების განმავლობაში „რეკორდმაისტერის“ მწვრთნელები შერჩეულ ახალგაზრდებს ონლაინ ვარჯიშებს ჩაუტარებენ და თითოეული მათგანისთვის სპეციალური სავარჯიშო გეგმა იქნება შემუშავებული, პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კი FC Bayern World Squad-სა და „ბაიერნის“ 19-წლამდელთა გუნდს შორის ჩანიშნული შეხვედრაა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორ Volkswagen-თან ერთად, ამ უნიკალური და ახალგაზრდებზე გათვლილი პროექტის რეალიზება შევძელით. სხვადასხვა ქვეყნის 15-მა ახალგაზრდამ გამორჩეული მსოფლიო გუნდი ჩამოაყალიბა. მათი სპორტული განვითარების გარდა, ეს პროექტი ბაიერნის მთავარ ღირებულებებს უსვამს ხაზს“, - აცხადების „რეკორდმაისტერის“ მმართველი საბჭოს წევრი, იორგ ვაკერი.

აღსანიშნავია, რომ პროექტთან დაკავშირებით 6-ნაწილიან დოკუმენტურ ფილმსაც გადაიღებენ, რომლის პრემიერა „ბაიერნის“ იუთუბ არხზე, აგვისტოს შუა რიცხვებში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები