დაძაბულობა საფრანგეთის ნაკრებში - ჟირუს სიტყვებმა მბაპე გააღიზიანა
Aa
Aa

დაძაბულობა საფრანგეთის ნაკრებში - ჟირუს სიტყვებმა მბაპე გააღიზიანა

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ვითარება დაიძაბა. მდგომარეობის გამწვავება ოლივიე ჟირუს განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან ბულგარეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, გააკეთა.

„ოდნავ შეუმჩნეველი იმიტომ ვიყავი, რომ ზოგჯერ, როცა ვიხსნებოდი, ჩემი მისამართით გამჭოლი გადაცემები არ მოდიოდა. არ ვამბობ, რომ ყოველთვის საუკეთესოდ ვიხსნები, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ მეტოქის საჯარიმოში ჩემს თანაგუნდელებს საუკეთესო გამოსავალი შევთავაზო. პავარისა და ბენ იედერის კარგი გადაცემების შემდეგ, იერიში შესანიშნავად დავაგვირგვინე, მაგრამ უფრო ეფექტურად რომ გვემოქმედა, მეტ გოლს გავიტანდით“.

L'Équipe-ის ინფორმაციით, ჟირუს სიტყვებმა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, კილიან მბაპე გააღიზიანა. მბაპეს აზრით, ჟირუმ სწორედ ის გააკრიტიკა და ზემოთ ხსენებულ განცხადებაში მასზე ისაუბრა. ფრანგული პრესის მიხედვით, ჟირუსა და მბაპეს შორის დიალოგიც შედგა და კილიანმა მისგან ახსნა-განმარტება მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. L'Équipe-ს თუ დავუჯერებთ, მბაპე გაბრაზებული იყო და სურდა, პრესკონფერენცია გაემართა და საკუთარი ვერსია გაესაჯაროვებინა. მთავარმა მწვრთნელმა იგი გადაარწმუნა, დაამშვიდა და უთხრა, რომ კონცენტრაცია ევროპის ჩემპიონატზე მოეხდინა.

შეგახსენებთ, რომ ევრო პირველობაზე საფრანგეთი პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას, პორტუგალიასა და უნგრეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები