რუმინეთი VS საქართველო - მატჩის წინ
Aa
Aa

რუმინეთი VS საქართველო - მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ, სტუმრად, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 

ჩვენი გუნდი რუმინეთშია და მომავალი შეხვედრის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. 

ბოლო ვარჯიშამდე, ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, ვილი სანიოლისა და მირელ რადოის მატჩისწინა პრესკონფერენციები შედგა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ვილი სანიოლი რუმინეთთან მატჩის წინ

„ამხანაგურ მატჩებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპისთვის გამოვიყენებთ. სექტემბერში კოსოვოსა და ესპანეთის წინააღდეგ გველის მატჩები. ამიტომ, ეს შეხვედრები ჩვენთვის საინტერესოა. ვცდით სიახლეებს და დააკვირდებით როგორ იმუშავებს ჩვენი მიდგომა.

საქართველოს არის ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით.  როდესაც ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშობ, მაქსიმუმი უნდა გააკეთო, რადგან ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ მხრივ, ჩემი ნაკრებით კმაყოფილი ვარ. შეიძლება, ჩემი ფეხბურთელები ტოპ ლიგებსა და კლუბებში  არ თამაშობენ, მაგრამ მისმენენ და ბოლომდე იხარჯებიან, მე მათ ვენდობი,ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.

ვიცით, რომ ხვალინდელ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ეს კარგია, რადგან ნამდვილი საფეხბურთო გარემო შესანიშნავი იქნება".

მირელ რადოი საქართველოსთან მატჩის წინ

„გულშემატკივარი გვიბრუნდება, ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სტადიონზე ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მატჩის ანგარიშის მიუხედავად ნაკრებს ქომაგი ყოველთვის სჭირდება. ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით.

ვთვლი, რომ ჩვენი მეტოქე სწორადაა შერჩეული. ძალებს მოვსინჯავთ, ახალ ფეხბურთელებს ჩავრთავთ საქმეში და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სრულფასოვნად მოვემზადებით. ტრავმირებულები გვყავს და ამიტომ, ჩვენი გუნდის თამაშში გარკვეული სიახლეები იქნება.

რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრებისთვის ამხანაგური შეხვედრის ანგარიში მნიშვნელოვანი იქნება".

ურთიერთშეხვედრების ისტორია

აქამდე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 5 მატჩში დავმარცხდით.

გამართული 7 მატჩიდან 3 სართაშორისო ამხანაგური შეხვედრა იყო: 1996 წლს 24 აპრილს (რუმინეთი 5-0 საქართველო) , 2008 წლის 19 ნოემბერს (რუმინეთი 2-1 საქართველო), 2016 წლის 3 ივნისს (რუმინეთი 5-1 საქართველო), 2 - 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (საქართველო 0-2 რუმინეთი, რუმინეთი 1-1 საქართველო), 2 კი 2000 და 2004 წელს კვიპროსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (რუმინეთი 1-1 საქართველო, რუმინეთი 3-0 საქართველო).

გასულ მატჩებში მეტოქემ 19-ჯერ შეძლო ჩვენი კარის აღება, საქართველოს ნაკრებმა საპასუხოდ კი 4 გოლი გაუტანა.

შეხვედრის არბიტრები

შეხვედრას ბერძენი მსაჯები მოემსახურებიან - მატჩის მთავარი არბიტრი 41 წლის ანასტასიოს სიდიროპულოსი იქნება, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს სანაკრებო, ჩემპიონთა ლიგისა (ატალანტა v მიტდიულანდი, რენი v კრასნოდარი) და ევროპა ლიგის (მილანი v ცრვენა, ლევერკუზენი v სლავია პრაღა) მატჩებიდან ახსოვს. ანასტასიოს ასისტენტობას პოლიხრონის კოსტარასი და ლაზაროს დიმიტრიადისი გაუწევენ.

გულშემატკივარი და მატჩის მასპინძელი სტადიონი 

კორონავირუსის პანდემიის, თითქმის 2-წლის შემდეგ, შეხვედრა გულშემატკივრის თანხლებით ჩაივლის. მატჩს დაესწრება ის მსურველი, ვინც ვაქცინირებულია ან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნება.

შეხვედრის მასპინძელი ქალაქ პლოიეშტის ადგილობრივი, ილიე იოანას სტადიონია, რომელიც 15 073 ადამიანს იტევს.

მატჩის დაწყების დრო და პირდაპირი რეპორტაჟი

რუმინეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები