17-წლამდე ნაკრები აზერბაიჯანის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ივნისში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. შეხვედრები 5 და 8 ივნისსაა ჩანიშნული. გიორგი ჩიტაურის გუნდი შეკრებას 1-8 ივნისამდე, თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" გაივლის.
ამ ეტაპისთვის ამხანაგური მატჩების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა, თუმცა უშუალოდ, 17-წლამდე გუნდის განაცხადი ჯერ-ჯერობით არ გასაჯაროვებულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის. ჩვენი გუნდი C ჯგუფში მეტოქეობას უნგრეთს, ისლანდიას და ესტონეთს გაუწევს. მატჩები დაგეგმილია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრამდე. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.
ევროპის 17-წლამდე ნაკრებების 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის მაისში, ისრაელში გაიმართება.
ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია