Aa
Aa

"ხვიჩას აქვს პოტენციალი იყოს ქინქლაძე, მაგრამ უკეთესი პროფესიონალია"

როგორც ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ცნობილ კლუბს დაუკავშირეს. ამჯერად საუბარი ლივერპულის „ევერტონზე“ იყო, თუმცა რუსული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ინგლისურმა მხარემ არ დაადასტურა.

„ეს აბსოლუტური ჭორია. უბრალოდ გუშინ საღამოს აგენტმა მისი სახელი გამომიგზავნა და მკითხა, მისით დაინტერესებულნი ხომ არ ვიყავით“. - თქვა „ევერტონის“ სპორტულმა დირექტორმა, მარსელ ბრანდსმა.

ჯერჯერობით კარლო ანჩელოტის გუნდისგან ოფიციალური დაინტერესება არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ზაფხულში ხვიჩას შეძენისთვის ბევრი ცნობილი კლუბი იბრძოლებს.

იქამდე კი „ევერტონის“ ქომაგებმა სოციალურ ქსელებში ქართველის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს და მის მიმართ პირადი მოსაზრება დააფიქსირეს:

„მისი გვარი როგორ უნდა წარმოვთქვათ...“

„ჰო, მას აქვს პოტენციალი იყოს ქინქლაძე, მაგრამ უკეთესი პროფესიონალია. ის 2 წელია რუბინში იმყოფება და საცხოვრებლად საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს“.

„ვიცი, რომ ფეხბურთელის შეფასება იუთუბზე ნანახი მისი საუკეთესო მომენტებით არ შეიძლება, მაგრამ როგორც ჩანს მას რამდენიმე მეტოქის ჩამოშორება გართობის მიზნით შეუძლია. იგი მე ანდრეი კანჩელსკისს მახსენებს, როცა ის ბურთთან ერთად გარბოდა“.

„ის ქინქლაძეზე და შოთა არველაძეზე უკეთესია?“.

„საოცრად გამოიყურება“.

„ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურება და შეუძლია დრიბლინგი, გაიტანოს გოლები, ურჩევნია რომ მარცხენა ფლანგიდან ითამაშოს“.

„წარმოიდგინეთ ის, რომ გავიფორმოთ როგორ უნდა წარმოვთქვათ მისი სახელი. მოდი უბრალოდ კევინი დავუძახოთ. უფრო მარტივი იქნება“.

ბოლოს კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის კომენტარს გთავაზობთ, რომელმაც ქართველი ტალანტის შესაძლო ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

„ვთვლი, რომ ხვიჩას კარიერა იდეალურად განვითარდა. მან ლოკომოტივში თავი გამოიჩინა და რუბინში სლუცკის, საიმანოვისა და მთლიანად კლუბის წყალობით, იზრდება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ საქართველოში ხვიჩას მსგავსი ტალანტი გამოჩნდება და მასთან მე ვიმუშავებ, პირველი კლუბი, რომელსაც ვურჩევ, რუბინი იქნება.

ამჟამად კვარაცხელიას მიმართ ინგლისიდან და იტალიიდან დიდი ინტერესია. რამდენიმე შეხვედრაზე უკვე ვიყავი და მალე ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ხვიჩა ამ ზაფხულს რუსეთიდან გარანტირებულად არ წავა, რადგან ასე არ ხდება“.

მსგავსი სიახლეები