ფერგიუსონი:
Aa
Aa

ფერგიუსონი: "პარკი მესისთვის უნდა დამეყენებინა და ბარსას დავამარცხებდით"

Sport Bible-ის ეთერში გარი ნევილმა სერ ალექს ფერგიუსონთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ნევილმა თავის ლეგენდარულ მწვრთნელს ჰკითხა, თუ ვინ იყო ფეხბურთელი, რომელთანაც მას უმუშავია და იგი ყველაზე ნაკლებად დაფასებულ მოთამაშეთა შორის მოიაზრება. „ფერგიმ“ ასეთად სამხრეთ კორეელი ჯი სუნგ პარკი დაასახელა და საკმაოდ საინტერესო პასუხიც გასცა:

„2011 წელს უემბლიზე ფინალი სწორედ აქ წავაგე. შესვენების შემდეგ ვაპირებდი, რომ პარკი პერსონალურად მესისთვის დამეყენებინა. ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო.

ამის გაკეთებას შესვენებისას ვაპირებდი, თუმცა ფეხბურთელებს ასეთი რამ ვუთხარი: „კარგი, ჩვენ უბრალოდ შესვენების წინ ანგარიში გავათანაბრეთ. შესაძლოა მათ თამაშს სხვა მხრივ შეხედონ. ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ“.

სიმართლე გითხრათ, პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი კარგად გამოვიყურებოდით და ანგარიშში წინ გასვლაც შეგვეძლო.

მაგრამ, თუ მე მეორე ტაიმში პარკს მესის წინააღმდეგ გავამწესებდი, მათ დამარცხებას შევძლებდით. ამის ნამდვილად მჯერა“.

ფერგი პარკს ხშირად მოედანზე სპეციალურ დავალებებს აძლევდა, რომელსაც მხოლოდ კორეელ უნივერსალს ავალებდა ხოლმე, თუმცა რთული სათქმელია რამდენად შეძლებდა ის 2011 წლის მესის და „ბარსას“ შეჩერებას...

გასულ წელს „ბარსელონასთან“ წაგებული ფინალების შესახებ უეინ რუნიმ ისაუბრა და ფერგიუსონის ტაქტიკას თვითმკვლელობის ტოლფასი უწოდა:

„ისეთი გუნდისთვის როგორიც მაგალითად „რეალია“, რთულია იმის თქმა - „მოედანზე გავალთ და ბურთს დავთმობთ“, - ასევეა „მანჩესტერ იუნაიტედიც“.

გვარდიოლას „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი ისე წავაგეთ, რომ ვცდილობდით მაღალი პრესინგი გვეთამაშა და მათთვის ბურთი აგვერთმია. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

მახსოვს, როცა ფერგიუსონი მატჩამდე გვეუბნებოდა - „ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ და ჩვენ შევუტევთ, ეს კლუბის კულტურის ნაწილია“, - ამ დროს მე ვფიქრობდი: „ამაში ასე დარწმუნებული არ ვარ“.

ჩემი აზრით, გულის სიღრმეში ყველა ფეხბურთელმა იცოდა, რომ ეს არასწორი ტაქტიკა და მიდგომა იყო. ფაქტი იყო, რომ გზიდან ვუხვევდით, რომელმაც 2008 წლის ნახევარფინალებში წარმატება მოგვიტანა. შედეგიც შესაბამისი იყო - ორივე ფინალში დაგვჯაბნეს.

ერთია, კლუბის კულტურის ერთგული იყო, შეხვედრის შემდეგ კი იმაზე ფიქრი, რომ დამარცხდი, სულ სხვაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები