ლვოვის რუხი გამოირიცხა - სიჭინავა ახალ კლუბს შეუთანხმდა
უკრაინული ''ინგულეცის'' დატოვების შემდეგ ნიკა სიჭინავა თავისუფალი აგენტია. Meta-Ratings-ის ცნობით ფეხბურთელი კარიერას ლვოვის ''რუხში'' გააგრძელებს, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლე არ აღმოჩნდა. CrystalSport-ის ცნობით ამპლუით ფორვარდი უკრაინის ერთ-ერთ კლუბს შეუთანხმდა, რომელიც შემდეგ სეზონში ევროტურნირზე იასპარეზებს, ''რუხმა'' კი პრემიერ ლიგა მე-10 ადგილზე დაასრულა.
CrystalSport-ის ცნობით სიჭინავას ლვოვის ''რუხთან'' მოლაპარაკება არ გაუმართავს და უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაც არაა.
2020-21 წლების სეზონში კიევის ''დინამოსა'' და დონეცკის ''შახტარის'' გარდა ევროსაგზური ''ზორიამ'', ''კოლოსმა'' და ''ვორსკლამ'' მოიპოვეს. სიჭინავა კარიერას აღნიშნული გუნდებიდან ერთ-ერთში გააგრძელებს. ტრანსფერი შემდეგ კვირაში დადასტურდება.
CrystalSport-ის ცნობით სიჭინავა მოლაპარაკებას ''კოლოსთან'' მართავდა და კლუბის წარმომადგენლებსაც შეხვდა, თუმცა შესაძლოა ''ზორიაში'' ან ''ვორსკლაში'' ვიხილოთ. ამ სამიდან ერთ-ერთ კლუბში ნამდვილად ითამაშებს.
უკრაინის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ნიკა სიჭინავამ 22 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი (გამომუშავებული პენალტებიც იგულისხმება) შეასრულა. ''ინგულეცმა'' მიზანს მიაღწია, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ქართველ ლეგიონერს კი კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.
სიჭინავა ფოთის ''კოლხეთისა'' (2013, 2014-15) და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' (2013-14) შემადგენლობაში ასპარეზობდა, 2016 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე კი ''ინგულეცის'' ღირსებას იცავდა.