Aa
Aa

"გასტონ, გვიყვარხარ" - აბილამ გოლი გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა

MLS-ის მიმდინარე სეზონში „მინესოტა იუნაიტედმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ვანკუვერ ვაითქეფსთან“ შეხვედრაში ერთადერთი გოლი რამონ აბილამ გაიტანა. არგენტინელმა ფორვარდმა სეზონში პირველი გოლი შეაგდო და ის ემოციურად აღნიშნა.

აბილამ მაისური აიწია და საზოგადოებას მისი ძმის, გასტონის გამოსახულება უჩვენა. ფორმის შიგნით ჩაცმულ მაისურზე ეწერა: „გასტონ, ჩვენ გვიყვარხარ და არასდროს დაგვავიწყდები“.

ფეხბურთელის ძმამ გასულ წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რამონმა კი ამ ჟესტით მენტალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ასეთი მომენტისთვის ბარათს უნდა უჩვენებდნენ თუ არა, მაგრამ გაფრთხილება არ მაღელვებს. მსაჯისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან გოლი მივუძღვენი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს და მენატრება. სწორედ ის მაძლევს ძალასა და მხნეობას, რომ ყოველდღიური ბრძოლა გავაგრძელო.

იგი ძალიან ახალგაზრდა იყო და თავს უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ყველა ჩვენგანი უნდა წამოდგეს და თავისი ყოფითი არსებობა უნდა გააგრძელოს. უნდა სცადოს, უკეთესი გახდეს და უზრუნველყოს, რომ გარშემომყოფებიც კარგად გრძნობდნენ თავს. თუკი ამას მოვახერხებთ, ხალხს გავაბედნიერებთ და ცხოვრების რიტმს უფრო მშვიდს გავხდით, ეს მისასალმებელია“, - განაცხადა მატჩის შემდეგ რამონ აბილამ.

31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ამჟამად „ბოკა ხუნიორსის“ საკუთრებაა და „მინესოტაში“ განათხოვრების წესით თამაშობს. იგი სხვადახვა დროს „ურაკანისა“ და „კრუზეიროს“ ღირსებას იცავდა.

„მინესოტამ“ MLS-ის 5 ტურის შემდეგ 3 ქულა მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება. გუნდი შემდეგ შეხვედრას ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ „დალასის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები