ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა პორტუგალიაში გაიმართოს - უეფა გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა პორტუგალიაში გაიმართოს - უეფა გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან, შესაძლოა, პორტუგალიაში გაიმართოს. BBC-ის ინფორმაციით, უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს.

გადამწყვეტი შეხვედრისთვის თავდაპირველად თურქეთს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის რეგულაციების მიხედვით, თურქეთი წითელი ზონის ქვეყნებში შედის, რის გამოც უეფამ ცვლილებების გატარება გადაწყვიტა. თურქეთის შემდეგ, „უემბლის“ ვარიანტი გამოჩნდა, თუმცა BBC გვაუწყებს, რომ მცირე შანსია, ეს მოხდეს.

გამოცემის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლები და უეფას ხელმძღვანელები ვერ შეთანხმდნენ და ამ ეტაპზე ფავორიტი პორტუგალიაა. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში თვლიან, რომ ფინალის პორტუგალიაში გამართვა სპონსორებისთვის, ქომაგებისთვის და პირდაპირი ტრანსლაციის მწარმოებელი კომპანიებისთვის გაცილებით მარტივი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ გავიდნენ. „არისტოკრატებმა“ ნახევარფინალში „რეალს“ აჯობეს, ხოლო „ქალაქელებმა“ პსჟ-ს არ დაუტოვეს შანსი. ცნობისთვის, ფინალი 29 მაისით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები