ზაჰავის სახლი გაძარცვეს - მის მეუღლესა და შვილებს იარაღით დაემუქრნენ
Aa
Aa

ზაჰავის სახლი გაძარცვეს - მის მეუღლესა და შვილებს იარაღით დაემუქრნენ

პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელმა, ერან ზაჰავიმ „ვილემ 2-თან“ გამართული მატჩი პირადი მიზეზების გამო გამოტოვა, რომლებიც მის სახლში მომხდარ ძარცვას უკავშირდება. ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, 32-ე ტურში ჩანიშნული შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ზაჰავის შეატყობინეს, რომ მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ და მისი ოჯახის წევრები მძევლებად აიყვანეს.

როგორც ირკვევა, 33 წლის ფეხბურთელი პსვ-ს ავტობუსში იყო, როცა მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ მათ სახლს ძარცვავდნენ და დამნაშავეებს უნდოდათ, გაეგოთ ძვირფასეულობა და ფული სად იდო. სატელეფონო ზარის შემდეგ, ზაჰავი ამსტერდამში მდებარე საკუთარი სახლისკენ გაემართა.

Nos.nl-ის ინფორმაციით, მძარცველებმა მის მეუღლეს ხელ-ფეხი შეუკრეს, იარაღით დაემუქრნენ და შვილების თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ მას თმაც მოაჭრეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

ნიდერლანდელი სამართალდამცველების ცნობით, ზაჰავის მეუღლესა და მის შვილებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის მიხედვით, დანაშაულის ადგილიდან სამხილები უკვე შეგროვებულია და საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

„ვილემ 2-თან“ გამართული მატჩის შემდეგ, მომხდარს პსვ-ს თავკაცი, როგერ შმიდტი გამოეხმაურა და განაცხადა: „საშინელებაა ის, რაც ზაჰავის მეუღლემ და განსაკუთრებით მისმა შვილებმა გამოიარეს. ჩვენ ერანს მხარს ყველანაირად დავუჭერთ და მისთვის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ“.

ცნობისთვის, ზაჰავის აგენტმა, რონენ კაცავმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი და მისი ოჯახის წევრები ამჟამად თავს კარგად გრძნობენ და დასძინა, რომ დეტალებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები