დაიშლება პსჟ? მბაპეს და ნეიმარს ლა ლიგაში ელიან
Aa
Aa

დაიშლება პსჟ? მბაპეს და ნეიმარს ლა ლიგაში ელიან

მორიგი სეზონი და ხელიდან გაშვებული კიდევ ერთი შანსი - პსჟ ამჯერადაც ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა. გასულ წელს ფინალი, ახლა ნახევარფინალი. კიდევ როდის იქნებიან სანუკვარ თასთან ასე ახლოს? რთული სათქმელია...

არის ეს ამ ფორმაციის პსჟ-ს დასასრული? ევროპულ პრესაში დღეს ეს კითხვა ისმის - „დაიშლება პსჟ?“

პარიზელთა დაშლა პირველ რიგში რა თქმა უნდა ნეიმარისა და მბაპეს კონტრაქტებზეა დამოკიდებული.

გზა ლა ლიგისკენ? მბაპეს და ნეიმარს ესპანეთში ელოდებიან

2022 წელი - ეს არის ვადა, როდესაც ნეიმარისა და მბაპეს კონტრაქტები სრულდება და ორივე მათგანი თავისუფალი აგენტი გახდება. პსჟ-ს მხოლოდ 2 ვარიანტი აქვს: პირველი - როგორმე ორივე მათგანი უნდა დაითანხმოს და ხელშეკრულებები მინიმუმ ერთი წლით მაინც გაუგრძელოს. მეორე - 2021 წლის ზაფხულში ორივე მათგანი გაყიდოს, რათა ერთი წლის შემდეგ სრულიად უფასოდ არ დაკარგოს.

უკვე წლებია პრესა დაუღალავად წერს, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნდება, ხოლო მბაპე „რეალში“ გადავა. ქომაგების დიდ ნაწილს, სპორტულ მედიას და ალბათ უმრავლესობას სწორედ ასეთი „ელ კლასიკო“ წარმოუდგენია - კილიანი თეთრ, ხოლო ნეიმარი ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში.

დიახ, ითქვა და დაიწერა, რომ ორივე ფეხბურთლი თითქოს კლუბს მოურიგდა და მათ პსჟ-სთან ერთად ახალი, უფრო ძლიერი გუნდის მშენებლობა სურთ, რომელიც ევროპაში დომინანტი იქნება, მაგრამ პსჟ-ს და მის მომავალს რაც უკავშირდება ყველაფერი ძალიან მყიფე და არასტაბილურია.

ამჯერად პარიზულ კლუბს ხელში ძალიან ცოტა კოზირი დარჩა, რათა თავიანთი ლიდერები დარჩენაში დაარწმუნოს.

ტონი შერბილდა - ლეონარდო დამაჯერებლად ვეღარ საუბრობს

„ახლა განცხადებების გაკეთების დრო არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ვარსკვლავები შევინარჩუნოთ და ამ ჯგუფთან ერთად გამარჯვებები განვაგრძოთ.

ჩვენი სურვილის შესახებ ყველამ იცის. ნეიმარს არ ვაჩქარებთ. გვირჩევნია ჩუმად ვიყოთ. რა თქმა უნდა მისი დარჩენა გვსურს.

მბაპე? ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“. - ამბობს ლეონარდო.

პსჟ-ს სპორტული დირექტორის ტონში არადამაჯერებლობა შეინიშნება და ის ძველებურად მყარი ვეღარ არის.

ყველაფერი სავარაუდოდ მაისის ბოლოს გაირკვევა. გამოჩნდება შეძლებს თუ არა პარიზული კლუბი ნეიმარისა და მბაპეს კიდევ ერთხელ დარწმუნებას და მათთვის მიმზიდველი პროექტის შეთავაზებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები