Aa
Aa

ცვლილებები წესებში - პრემიერ ლიგაში სუპერ ლიგის საფრთხეს კლავენ

ბრიტანული პრესა იუწყება, რომ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები რეფორმების გატარებას გეგმავენ, რათა მომავალში სუპერ ლიგაში ან მსგავს პროექტებში გაწევრიანება სერიოზულ სანქციებთან იყოს დაკავშირებული. Sun-ის ინფორმაციით, წესებში ცვლილებები შევა და თუ რომელიმე კლუბი სუპერ ლიგაში თამაშზე თანხმობას განაცხადებს, მას პრემიერ ლიგიდან გააძევებენ.

ამ იდეის ავტორი პრემიერ ლიგის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ მასტერსი გახლავთ და ყველაფერი ივნისში გასამართ ყოველწლიურ ყრილობაზე გაოფიციალურდება. Sun-ს ანონიმური წყაროს კომენტარიც მოჰყავს, რომელიც ამბობს, რომ ეს ცვლილება სუპერ ლიგის საფრთხეს სამუდამოდ მოკლავს.

„ნისლიან ალბიონზე“ „არსენალის“, „ჩელსის“, „ლივერპულის“, „სიტის“, „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერის“ დასჯასაც ითხოვენ და საუბარი მათთვის ქულების ჩამოკლებასა და დაჯარიმებაზე მიდის, თუმცა Daily Mail ირწმუნება, რომ ეს არ მოხდება. სამაგიეროდ, პრემიერ ლიგის დანარჩენი კლუბები აპირებენ, ჩაძირონ პროექტი, რომელიც 6 თვის წინ „ლივერპულმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წამოიწყეს.

ეს პროექტი პრემიერ ლიგაში მთელი რიგი რეფორმების გატარებაზეა ორიენტირებული. მასში საუბარია ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის 18-მდე დაყვანასა და იმ კლუბებისთვის, რომლებიც პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი ხანია იმყოფებიან, სატელევიზიო ტრანსლაციებიდან მიღებული თანხის წილისა და ხმის მიცემისას მათი გავლენის გაზრდაზე. Daily Mail-ის ცნობით, ამ საკითხებზე ივნისში უნდა ემსჯელათ, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხულია, ასეთი ცვლილებები ვიხილოთ.

პრემიერ ლიგის წარმომადგენლების გარდა, პრობლემები სუპერ ლიგის სხვა დამფუძნებლებსაც აქვთ. Gazzetta dello Sport-ისა და AS-ის მიხედვით, დღის წესრიგში „იუვენტუსისა“ და „რეალის“ დასჯაც დგას. იტალიური გამოცემა გვაუწყებს, რომ „ბიანკონერისა“ და „ბლანკოსისთვის“ სანქციების დაკისრებას სხვა კლუბები ითხოვენ და საუბარი ევროტურნირებიდან 1-წლიან დისკვალიფიკაციაზე მიდის.

ამ ინფორმაციას AS-იც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ უეფაში პოზიციები გაყოფილია და ნაწილი მიიჩნევს, რომ ზემოთ ხსენებული კლუბები მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, დანარჩენები კი თვლიან, რომ უეფა ამ საკითხს დელიკატურად უნდა მიუდგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები