Aa
Aa

"ეს საოცარი გრძნობაა" - მეისონი სადებიუტო მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა ახალ მთავარ მწვრთნელს 29 წლის რაიან მეისონს. მატჩის დასრულების შემდეგ, „დეზების“ თავკაცმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მეისონმა?

„ეს საოცარი გრძნობაა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ემოციების შესახებ ახლა ვერაფერს გეტყვით. მეორე ტაიმი შესანიშნავი იყო. ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

ჩვენ აგრესიულები და შთამბეჭდავები ვიყავით. ვფიქრობ, რომ პირველ ნახევარში შეგვეძლო ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში უკეთესები ვყოფილიყავით, მაგრამ საერთო ჯამში ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს.

იმპულსი მეორე ტაიმში მივიღეთ და მატჩზე სრული კონტროლი დავაწესეთ. შევქმენით ბევრი მომენტები. მსაჯის არ ჩათვლილი გული არასასიამოვნო იყო, მაგრამ ბიჭები სწორად თამაშს აგრძელებდნენ და საბოლოოდ შედეგი სახეზეა.

იმპულსი არის მთავარი სიტყვა - ეს იმპულსი „მანჩესტერ სიტისთან“ ფინალში უნდა მივიღოთ და ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.

როდესაც გუნდურ სპორტში ხარ მოგება ყოველთვის გინდა. ყველანაირი პოზიტიური ენერგია უნდა შევიგრძნოთ. ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, თუ როგორი გზით გავიმარჯვეთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ."

სატურნირო მდგომარეობა

33 ტურის შემდეგ „ტოტენჰემს“ 53 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა „ლივერპულს“, რომელსაც ამავე რაოდენობის ქულები აქვს, 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მომდევნო მატჩს მეისონის გუნდი პრემიერ ლიგაში 2 მაისს, შინ „შეფილდის“ წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი "დეზები" 25 აპრილს "მანჩესტერ სიტის" EFL Cup-ის ფინალში შეხვდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები