„ფეხბურთი ფანებისთვისაა“ - ლიდსის პროტესტი, ბანერი და კლოპი სუპერ ლიგაზე
Aa
Aa

„ფეხბურთი ფანებისთვისაა“ - ლიდსის პროტესტი, ბანერი და კლოპი სუპერ ლიგაზე

„ლიდსის“ ფეხბურთელებმა „ლივერპულთან“ გასამართი მატჩის წინ, „სუპერ ლიგის“ შექმნა გააპროტესტეს. „თეთრების“ მოთამაშეები გასახურებლად სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რომელთა წინა მხარეს ჩემპიონთა ლიგის ლოგოსთან ერთად, ასეთ წარწერას ვხედავთ - „დაიმსახურეთ“, ხოლო უკანა მხარეს ეს სიტყვები გვხვდება: „ფეხბურთი ფანებისთვისაა“.

„ლიდსმა“ ტრიბუნებზე ბანერიც გამოფინა წარწერით - „დაიმსახურეთ მოედანზე. ფეხბურთი ფანებისთვისაა“. მატჩის დაწყებამდე კი „ელანდ როუდს“ თვითმფრინავმა გადაუფრინა, რომელიც ბანერს ატარებდა წარწერით: „უთხარი უარი ევროპულ სუპერ ლიგას“.

აღსანიშნავია, რომ „სუპერ ლიგასთან" დაკავშირებით თავისი პოზიცია „ლივერპულის“ თავკაცმა, იურგენ კლოპმაც დააფიქსირა და განაცხადა: „ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა. სუპერ ლიგის შესახებ პირველად გუშინ საღამოს გავიგე, როცა რთული მატჩისთვის ვემზადებოდი. ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ ბევრი არაფერი ყოფილა. უმეტეს წილად ყველაფერი გაზეთებიდან გავიგეთ. მძიმე ვითარებაა, ხალხი უკმაყოფილოა და მათი მესმის. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მე და ფეხბურთელებს პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. როგორც მე, ისე ფეხბურთელებმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

53 წლის ვარ და და ჩემი მიზანი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდის გაწვრთნა იყო. ამ ტურნირთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს. პირადად მე, ფეხბურთში არსებული კონკურენცია ძალიან მომწონს. მომწონს ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ვესტ ჰემმა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს. არ მინდა, რომ ასე მოხდეს, რადგან საგზურის მოპოვება ლივერპულს სურს, მაგრამ მომწონს, რომ ჩაქუჩებს ლიგაზე მოხვედრის შანსი აქვთ. სრული ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, 12-მა კლუბმა ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო, მაგრამ ვხვდები, რომ უახლოეს მომავალში ფეხბურთში რაღაც შეიცვლება“.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაანონსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები