„არაფერს ვნანობთ, ძალიან ახლოს ვიყავით“ | ტუხელმა საკუთარი გადაწყვეტილებები ახსნა
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა არგენტინასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში „სამი ლომი“ 1:2 დამარცხდა და გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებებმა უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა.
„იმედგაცრუებულები ვართ. ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ ზედმეტად პასიურები გავხდით და მეტოქეს ბევრი შანსი მივეცით. ბურთის კონტროლი ვერ დავიბრუნეთ და ძალიან ბევრი ჩაწოდება, დარტყმა და მომენტი მივიღეთ. ახლოს ვიყავით, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ დონე ვერ შევინარჩუნეთ.
ცვლილებებზე: „წინა თამაშებში შემტევი ხასიათის ცვლილებებიც განვახორციელე, ახლაც უბრალოდ ფეხბურთელების დახმარება ვცადეთ. გოლის გატანიდან მალევე მეტოქეს მომენტი მივეცით და გადავწყვიტეთ, 5-მცველიან ტაქტიკაზე გადავსულიყავით, რადგან ბევრი თავისუფალი ზონა დავტოვეთ.
არგენტინა ყველა საჰაერო ორთაბრძოლას იგებდა. ისინი განუწყვეტლივ აწვდიდნენ და ხუთმცველიან ტაქტიკაზე გადავეწყვეთ, რათა ჩვენს საჯარიმოში თავისუფალი ზონები არ დაგვრჩენოდა და მეორე სართულზე ძლიერები ვყოფილიყავით. ჩვენი გოლის შემდეგ, ცვლილებების გაკეთებამდე, ჩვენს კართან ძალიან ბევრი ჩაწოდება და მომენტი შეიქმნა, ამიტომ სიტუაციის გამოსწორება ვცადეთ.
რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მწვრთნელზეა და როცა საქმე კარგად არ მიდის და აგებ, ადვილია თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო“.
მეორე გოლის გატანაზე: „რა თქმა უნდა, გვინდოდა მეორე გოლის გატანა, მაგრამ არ მქონდა იმის განცდა, რომ შემტევი ცვლილებები ამაში დაგვეხმარებოდა. კვლავ 4-4-2 ტაქტიკაზე დავრჩით, მაგრამ სულ უფრო და უფრო პასიურები ვხდებოდით. ბურთის ართმევასაც ვერ ვახერხებდით და არც მისი კონტროლი გამოგვდიოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ტაქტიკური სტრუქტურის პრობლემა არ ყოფილა – არაფერი შეგვიცვლია. თუმცა თამაშის სცენარი სრულიად შეიცვალა. ეს პრობლემა არ არის. მესმის, რომ თამაშის შემდეგ ამაზე ყოველთვის მსჯელობენ და ჩნდება მილიონობით მწვრთნელი, რომლებმაც ყველაფერი უკეთ იციან“.
ცვლილებებმა დაცვაზე მეტი წნეხი განახორციელა?: „ეს საკითხი შეგიძლიათ მილიონ მწვრთნელთან განიხილოთ, მაგრამ მოედანზე გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. მატჩი გავაანალიზე და კონკრეტული გზა ავირჩიე, ასე რომ, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. იმ მომენტში არანაირი სინანული არ მქონია. გუნდმა ყველაფერი გაიღო და ძალიან, ძალიან ახლოს ვიყავით. ვიმსახურებდით, რომ 1:0 დავწინაურებულიყავით.
ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, შესაძლოა საუკეთესოც კი ამ გარემოებების გათვალისწინებით. გუნდი წინ იყო და ფინიშის ხაზი ვერ გადავკვეთეთ, მაგრამ არაფერს ვნანობთ.
ვფიქრობ, მთელი მატჩის განმავლობაში დავინახეთ გუნდის მენტალიტეტი და ერთობა. თამაშებს ისე ვხვდებოდით, როგორც საჭირო იყო – ჯგუფში ძლიერ გუნდებს დავუპირისპირდით, უამრავი კილომეტრი ვიმოგზაურეთ, ვითამაშეთ სიმაღლეზე, 10 კაცით, სიცხეში და ყველა დაბრკოლება გადავლახეთ. დღეს ძალიან ახლოს ვიყავით. ახლა არ არის მთელი ტურნირის ანალიზის დრო – ჩვენ უბრალოდ გამოვეთიშეთ ასპარეზობას, რადგან გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ“.
ცნობისთვის, ინგლისის ნაკრები მესამე ადგილისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო არგენტინა შეეცდება, მუნდიალი ზედიზედ მეორედ მოიგოს. „ალბისელესტეს“ მეტოქე ესპანეთი გახლავთ.