დაუჯერებელი ქამბექი - არგენტინამ ინგლისს მოუგო და ფინალში გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა - არგენტინამ ინგლისი 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდის შესრულებით ინტენსიური ფეხბურთი ვიხილეთ, იყო ბევრი ორთაბრძოლა და წესების დარღვევა, რეალური მომენტი კი გუნდებმა ვერ შექმნეს.
მეორე ტაიმის სტარტზევე ორჯერ სახიფათოდ ხულიან ალვარესი ურტყამდა. 55-ე წუთზე მორგან როჯერსის ჩაწოდების შემდეგ ენტონი გორდონმა ახლო მანძილიდან ემილიანო მარტინესს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში გახსნა.
მალევე არგენტინას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, როცა სკალონის გუნდის სწრაფი შეტევა იდეალურად შესრულებული ვარდნით ჯედ სპენსმა ჩაშალა. 69-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა ნიკო გონსალესმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, თუმცა ჯორდან პიკფორდმა შესანიშნავი რეაქცია აჩვენა და ბურთი მოიგერია. ისევ პიკფორდმა გადაარჩინა „სამი ლომი“ 74-ე წუთზე, როცა ახლო მანძილიდან ალექსის მაკ ალისტერს არ გაატანინა. 86-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა ლამაზი შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
არგენტინამ მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა გამოიყენა და 90+2 წუთზე ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ლიონელ მესიმ კი მეორე საგოლე პასი გაიფორმა.
ფინალში ესპანეთი არგენტინას დაუპირისპირდება, მესამე ადგილისთვის მატჩში კი ერთმანეთს საფრანგეთი და ინგლისი შეხვდებიან.