სამაგალითო გავლენა თამაშზე - კლიშისთვის იამალი პირველია
ლამინ იამალს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, თუმცა იმაში, რომ ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა და ჩემპიონობისთვის იბრძვის, 19 წლის ვარსკვლავს ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის. თუნდაც საფრანგეთთან შეხვედრაში ანგარიში სწორედ მაშინ გაიხსნა, როდესაც იამალმა ესპანელებს პრაქტიკულად არსაიდან 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოუპოვა, რომელიც ზუსტად მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა. სწორედ ლამინის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება წარსულში ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა გაელ კლიშიმ მისი თანამემამულეებისა და „ფურია როხას“ დაპირისპირების შემდეგ და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„არ ვფიქრობ, რომ საფრანგეთი ესპანეთთან სათამაშოდ შიშით გავიდა, მაგრამ როდესაც იცი, რომ ხვდები მეტოქეს, რომელსაც მოედანზე პრაქტიკულად ყველაფრის გაკონტროლება შეუძლია, თავისებურად ნერვიულობასაც იწყებ. ლამინ იამალი მაგალითია იმის, თუ როგორი უნდა იყოს უმაღლესი კლასის ფეხბურთელი და როგორ გავლენას ახდენდეს ბურთთან უხშირესი და უეფექტურესი შეხებებით თამაშზე. ბურთს სულაც რომ არ შეეხოს, თავისი მოძრაობებით, გადაადგილებებით უდიდესი სარგებელი მოაქვს. დარწმუნებული ვარ, ლუკა დინმა არაჩვეულებრივად იცოდა, როგორ უნდა ემოქმდა ლამინის წინააღმდეგ, მაგრამ ხომ ნახეთ, ყველაფერი როგორ დასრულდა“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 16-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და მისი მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისი-არგენტინის წყვილში გამარჯვებული იქნება. თუ ინგლისელებმა მოიგეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი წლის წინანდელი ევროპის პირველობის ფინალი განმეორდება.