ლიონელ სკალონი
Aa
Aa

„შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს“ - სკალონი ინგლისთან მატჩის წინ

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ინგლისის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი ნახევარფინალური მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და ყველანაირი ისტორიული მოტივაცია ან ზედმეტი რამ გამორიცხა - გუნდი მხოლოდ მატჩზე იფიქრებს.

„ჩვენ ვაანალიზებთ, როგორ გავაუმჯობესოთ გუნდი და როგორ ვცადოთ მეტოქის ძლიერი მოთამაშეების განეიტრალება. შესაძლოა, ცვლილებები შევიტანოთ, მაგრამ შეგვიძლია იგივე შემადგენლობაც გამოვიყვანოთ.

ბელინგემი და კეინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა მათ თავისთან ხილვას. ვეცდებით, ჩვენი ძლიერი თვისებებით გავანეიტრალოთ ისინი და არ მივცეთ კარგად თამაშის საშუალება. მატჩისთვის გეგმა გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ მას განვახორციელებთ“.

ინგლისთან მატჩი და ფოლკლენდის ომთან ასოცირება (არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის შეტაკება 1982 წელს მოხდა. მისი შედეგებით, ფოლკლენდის კუნძულები ბრიტანელებს დარჩათ):

„ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩია. რა შეგვიძლია ვუყოთ იმას, რაც მრავალი წლის წინ მოხდა? მაშინდელი სამწუხარო მოვლენები ისტორიის ნაწილი გახდა. გიჟობა იქნებოდა ამაზე მსჯელობა. მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ცეცხლზე ნავთი დავასხა.

ჩვენ გვახსოვს ისტორია, მაგრამ ეს საფეხბურთო მატჩია. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი.

მსოფლიოს სხვა ნაწილებში განსხვავებული რამ ხდება. ჩვენ ვაკრიტიკებთ ომებს. მაგრამ მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ინგლისთან მატჩი უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ თამაში.

ბუნებრივია, ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც მაშინ სიცოცხლე დაკარგა. მაგრამ ეს მხოლოდ თამაშია. მოდით, ნუ ავურევთ ცნებებს - რა შუაშია ახლანდელი ინგლისელი ფეხბურთელები და საერთოდ თაობები? ეს ფეხბურთია. ჩვენ ვცდებით, თუ ამ ცნებებს ერთმანეთში ვურევთ“,

- თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი-არგენტინის მატჩი დღეს, ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები