Aa
Aa

ხელი ჰკრეს და ტრავმა მიიღო - უცნაური მიზეზი თუ რატომ გაუქმდა სტივენსისა და კლოზეს ბრძოლა

გასულ უქმეებზე, UFC on ESPN 22 გაიმართა და ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ ბრძოლაში ჯერემი სტივენსსა და დრაკარ კლოზეს უნდა ეჩხუბათ, თუმცა ამ უკანასკნელს ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა ბოლო წამს, უჩვეულო ვითარებაში მიღებული ტრავმის გამო მოუწია.

ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, UFC-ის გულშემატკივრებმა ტრადიციულად აწონვებისა და მეტოქესთან პირისპირ დადგომის ცერემონია იხილეს, რომლის დროსაც სტივენსმა კლოზეს ხელი ჰკრა და 33 წლის მებრძოლმა ტრავმა სწორედ ამ მომენტში მიიღო. ESPN-ის ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, კლოზემ კისერი დაიზიანა და ტვინის შერყევის ნიშნებიც ჰქონდა.

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით კლოზემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა და განაცხადა: „მას შემდეგ, რაც ჯერემიმ ხელი მკრა, ხელი დამიბუჟდა და კისერი დამეჭიმა. შონ შელბიმ და UFC-ის წარმომადგენლებმა ექიმებთან გამგზავნეს, რომლებთანაც 2 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი.

ის საღამო ჭამაში, რეჰიდრატაციაში და გაწელვების გაკეთებაში გავატარე და მოგვიანებით, ფიზიოთერაპევტსაც შევხვდი. დილით ვივარჯიშე, მაგრამ ღებინება და თავის ტკივილი მქონდა და ერთადერთი, რაც უკეთ მხდიდა, სიბნელეში წოლა იყო. UFC-მ წამლები გადმომცა და რამდენიმე საათით დავისვენე, თუმცა შემდეგ ავდექი და გული ამერია. სწორედ ამ დროს UFC-ის ექიმს დავურეკეთ და მან ჩემი საავადმყოფოში გაგზავნა გადაწყვიტა. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც ამ ბრძოლით აღფრთოვანებულნი იყვნენ. ყველაფერი გავაკეთე, რათა მეჩხუბა, მაგრამ ეს პრობლემები ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება“.

კლოზეს ტრავმას ჯერემი სტივენსიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მეტოქე აგრესიულად მოიქცა, როცა ზედმეტად მიუახლოვდა და დასძინა, რომ ასეთი უპატივცემულობის მიმართ მას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები