Aa
Aa
19 აპრილი 2021  |  03:43

"ეს სეპარატისტული ლიგაა" - ფიფა-ს პირველი შეფასება სუპერ ლიგის შექმნაზე

ევროპის "სუპერ ლიგის" შექმნის შესახებ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების შემდეგ, თავისი პოზიცია გააჟღერა ფიფა-მ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, უეფა-ს მსგავსად, ახალ ტურნირს ეწინააღმდეგება.

"ჩვენი აზრით და წესდების თანახმად, ნებისმიერი საფეხბურთო შეჯიბება, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური მასშტაბის ტურნირი, უნდა ასახავდეს სოლიდარობას, ინკლუზიურობასა და ერთიანობას, ასევე - ფინანსების სამართლიანად გადანაწილების პრინციპებს. 

უფრო მეტიც, ფეხბურთის მმართველმა სხვადასხვა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ, ყველა კანონიერი, სპორტული და დიპლომატიური საშუალება, რათა ჩამოთვლილი ასპექტები ხელშეუხებელი დარჩეს. ამ ყველაფრის ფონზე, ფიფა-ს შეუძლია, უკმაყოფილება გამოხატოს იმით, რომ შეიქმნა "დახურული ევროპული სეპარატისული ლიგა", საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე და დაირღვა ის პრინციპები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

ფიფა მოუწოდებს ყველა მხარეს, რომლებიც ახლა მწვავე დისკუსიებში არიან ჩართულნი, გადაერთონ მშვიდ, კონსტრუქციულ და გაწონასწორებულ დიალოგში, რათა დაცული იყოს ფეხბურთის მთავარი პრინციპები - სოლიდარულობა და სამართლიანობა. ცხადია, ფიფა გააკეთებს ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს ფეხბურთის ჰარმონიზებასა და მის ინტერესებს", - ასეთია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ "სუპერ ლიგის" წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი და კატეგორიული იყო უეფა, რომლის ოფიციალურ განცხადებაში მოხსენიებულია ტერმინი "ცინიკური იდეა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები