Aa
Aa
19 აპრილი 2021  |  03:18

ოფიციალურად: სუპერ ლიგა დაარსდა! - შეფასებები, კრიტიკა, ფორმატი - რაც გვაინტერესებს

ევროპული „სუპერ ლიგის“ შექმნის იდეის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა გვესმის, გუშინ გვიან ღამით კი ტურნირი ოფიციალურად დაანონსდა და ფორმატიც ცნობილი გახდა. ლიგის დაანონსებას მისი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯოელ გლეიზერის კომენტარი ახლდა.

„ჩვენ ფეხბურთს განვითარებაში ნებისმიერ დონეზე დავეხმარებით და მას დავაყენებთ იქ, სადაც მისი ადგილია. ფეხბურთი მსოფლიოში ერთადერთი გლობალური სპორტია, რომელსაც 4 მილიარდზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს და ჩვენი, როგორც დიდი კლუბების, პასუხისმგებლობაა, რომ მათ სურვილებს პატივი ვცეთ“, - განაცხადა პერესმა.

ჯოელ გლეიზერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელია. მისი თქმით, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ერა იწყება.

„სეზონის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი კლუბებისა და ფეხბურთელების გაერთიანებით, „სუპერ ლიგა“ ევროპულ ფეხბურთში ახალ ეპოქას იწყებს. ეს ლიგა უზრუნველყოფს მსოფლიო დონის კონკურენციასა და შესაძლებლობებს, ასევე გაზრდის ფინანსურ მხარდაჭერას საფეხბურთო პირამიდისთვის“.

გუშინვე ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდება, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა.

20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და გასვლა-სახლის პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. ვიცით ისიც, რომ „სუპერ ლიგის“ მატჩები შუა კვირაში ჩატარდება.

„კლუბები ასპარეზობას აგვისტოდან დაიწყებენ და ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდებიან. ჯგუფების პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები 1/4 ფინალში ავტომატურად მოხვდებიან, მეოთხე-მეხუთე ადგილოსნები კი ორრაუნდიანი პლეი-ოფის გზით, კიდევ ორ მეოთხედფინალისტს გამოავლენენ. ასევე ორრაუნდიანი იქნება 1/4 ფინალური და 1/2 ფინალური ეტაპები, ხოლო ფინალი ერთმატჩიანია და ყოველი წლის მაისის ბოლოს, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპის "სუპერ ლიგის" შექმნის შესახებ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების შემდეგ, თავისი პოზიცია გააჟღერა ფიფა-მ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, უეფა-ს მსგავსად, ახალ ტურნირს ეწინააღმდეგება.

"ჩვენი აზრით და წესდების თანახმად, ნებისმიერი საფეხბურთო შეჯიბება, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური მასშტაბის ტურნირი, უნდა ასახავდეს სოლიდარობას, ინკლუზიურობასა და ერთიანობას, ასევე - ფინანსების სამართლიანად გადანაწილების პრინციპებს.

უფრო მეტიც, ფეხბურთის მმართველმა სხვადასხვა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ, ყველა კანონიერი, სპორტული და დიპლომატიური საშუალება, რათა ჩამოთვლილი ასპექტები ხელშეუხებელი დარჩეს. ამ ყველაფრის ფონზე, ფიფა-ს შეუძლია, უკმაყოფილება გამოხატოს იმით, რომ შეიქმნა "დახურული ევროპული სეპარატისული ლიგა", საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე და დაირღვა ის პრინციპები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

ფიფა მოუწოდებს ყველა მხარეს, რომლებიც ახლა მწვავე დისკუსიებში არიან ჩართულნი, გადაერთონ მშვიდ, კონსტრუქციულ და გაწონასწორებულ დიალოგში, რათა დაცული იყოს ფეხბურთის მთავარი პრინციპები - სოლიდარულობა და სამართლიანობა. ცხადია, ფიფა გააკეთებს ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს ფეხბურთის ჰარმონიზებასა და მის ინტერესებს", - ასეთია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პოზიცია.

"სუპერ ლიგის" წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი და კატეგორიული იყო უეფა, რომლის ოფიციალურ განცხადებაში მოხსენიებულია ტერმინი "ცინიკური იდეა". უეფა-მ ოფიციალური განცხადება „სუპერ ლიგის“ მიერ ტურნირის ოფიციალურად დაანონსებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე გაავრცელა.

„ჩვენ შევიტყვეთ, რომ ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საფეხბურთო კლუბები ყველასგან განცალკევებით, ახალი ტურნირის შექმნას აპირებენ. თუ ეს მოხდება, უეფა და ფიფა შესაბამის ზომებს მიიღებს. მოგიწოდებთ, დაივიწყოთ ეს დამცინავი იდეა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კლუბის პირად ინტერესებს ემსახურება.

შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა სამართლებრივ და სპორტულ ზომას მივიღებთ, რათა ეს იდეა არ განხორციელდეს. ფეხბურთი საზოგადო სპორტია და არავის აქვს უფლება, ინდივიდუალურად რამე გადაწყვიტოს. იმ შემთხვევაში, თუ ტურნირი ჩაეშვება, ყველა გუნდი, რომელიც მასში მონაწილეობას მიიღებს, უეფა-სა და ფიფა-ს ეგიდით გასამართი გათამაშებებიდან მოიხსნება. ასევე, ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში ვეღარ ითამაშებენ.

მადლობას ვუხდით ფრანგულ და გერმანულ კლუბებს, რომელთაც ამ ცინიკურ იდეაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მოვუწოდებთ ყველა სპორტულ და პოლიტიკურ ძალას, „სუპერ ლიგის“ წინააღმდეგ ბრძოლაში შემოგვიერთდეს. საკმარისია! პირადი სურვილების გამო ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს“, - წერია უეფა-ს ოფიციალურ მიმართვაში.

„სუპერ ლიგის“ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა გავლენიანი სპორტული თუ პოლიტიკური ფიგურები. მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ „სუპერ ლიგის“ შექმნა ფეხბურთისთვის ძალიან საზიანო იქნება. ჯონსონმა უეფა-სა და ფიფა-ს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, კრიტიკულადაა განწყობილი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც ფრანგულ კლუბებს ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწონა.

იდეა მწვავედ გააკრიტიკა ალექს ფესგიოსონმა: „ეს ტურნირი ევროპული ფეხბურთის 70-წლიან ისტორიას დაასრულებს. მაგალითად, „ევერტონი“ სტადიონის მშენებლობაზე 500 მილიონ ევროს ხარჯავს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ამბიცია აქვს.

ზოგადად, ხალხს ჩემპიონთა ლიგა ძალიან უყვარს. ჩემს პერიოდში, „იუნაიტედმა“ ამ ტურნირის 4 ფინალში ითამაშა და ოთხივე საღამო ჩემთვის განსაკუთრებულია. არ ვიცი, რამდენად მონაწილეობს „იუნაიტედი“ ახალ პროექტში, რადგან შიდა სამზარეულოში ჩახედული ნაკლებად ვარ“, - აღნიშნა ფერგიოსონმა.

კიდევ უფრო აგრესიული ტონით ისაუბრა გარი ნევილმა, რომლის თქმითაც, ამ ლიგის შექმნა დანაშაულია და იდეაზე მომუშავე ადამიანები თაღლითები არიან.

„ზოგადად, ფეხბურთის მოდერნიზაციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ახლა, როცა კორონავირუსი მძვინვარებს, ასეთი გადაწყვეტილება სამარცხვინო და დიდი სკანდალია. „იუნაიტედსა“ და სხვა დიდ კლუბებს უნდა რცხვენოდეთ. „არსენალის“ ამ ლიგაში ყოფნა კი სასაცილოა. მათ „ფულემს“ ვერ მოუგეს.

ეს ნამდვილი სიხარბეა და ეს ადამიანები თაღლითები არიან. ცხადია, ფეხბურთში ფული უნდა ჩაიდოს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, რადგან ფული მთავარი არაა. ყველამ ვნახეთ, რა გააკეთა „ლესტერმა“, დიდი ინვესტიციების გარეშე.

„არსენალსა“ და „იუნაიტედს“ უამრავი ფული აქვთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გადიან. ბოლო პერიოდში, ორივე მათგანი ინგლისური ფეხბურთის სირცხვილია. ხვალვე დააკელით მათ ქულები და, ზოგადად, ყველა გუნდს, რომელიც ამ ლიგას შეუერთდება, პრემიერ ლიგაში ქულები ჩამოართვით! ასეთ გუნდებს ფული უნდა ჩამოართვა, რადგან კრიმინალში მონაწილეობენ“.

ევროპული პრესის ერთობლივი ცნობებით, ტურნირში მონაწილე თითოეული გუნდი პირველი სეზონის დაწყებამდე, პრემიის სახით, 350 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები