ოქროს ბუცი და სერენის საუკეთესო ფეხბურთელი - მიქაუტაძე აღიარეს!
ბელგიის პროქსიმუს ლიგის მორიგ ტურში „სერენმა“ „ლირსს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა ყველაზე საინტერესო ეს არ ყოფილა.
მატჩის დაწყებამდე, „ჯვაროსნების“ ახალწვეულს და „სერენის“ ქართველ თავდამსხმელს გიორგი მიქაუტაძეს ოქროს ბუცი გადასცეს. ამასთან ერთად, ახალგაზრდა შემტევი მიმდინარე სეზონის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
❤️????⚽???? Pas de but aujourd'hui mais un trophée du Métallo d'or pour @MikautadzeG ! Félicitations à notre goleador ! #SERLIE pic.twitter.com/zjixO2TY6W
— RFC Seraing Officiel (@RfcSeraing167) April 17, 2021
20 წლის შემტევისთვის ეს პირველი ინდივიდუალური ჯილდოა. გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძე პროქსიმუს ლიგის ბომბარდირობისთვისაც იბრძვის. ამ მომენტისთვის, გიორგის და დანტე ვანზირს 19-19 გოლი აქვთ გატანილი, თუმცა ბელგიელმა თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო და მიქაუტაძეს გოლების ჰანდიკაპის შექმნის შესანიშნავი შანსი აქვს.
რაც შეეხება „სერენს“, ბელგიური კლუბი ამჟამად სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-2 ადგილზეა და პირველ ლიგაში გადასასვლელი საპლეიოფო მატჩები გარანტირებული აქვს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 24 აპრილს, სტუმრად „ლომელის“ წინააღმდეგ ითამაშებს.