''ის მეცში დაბრუნდება'' - მიქაუტაძე ახალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
Aa
Aa

''ის მეცში დაბრუნდება'' - მიქაუტაძე ახალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს

ლიგა 1-ის ''მეცის'' მთავარი მწვრთნელის, ფრედერიკ ანტონეტის განცხადებით ზაფხულში გიორგი მიქაუტაძე ბელგიური ''სერენიდან'' ფრანგულ კლუბში დაბრუნდება.

ანტონეტიმ ფრანგულ მედიასთან საუბარში განაცხადა: ''გიორგის სტილის ფორვარდი არ გვყავს, მეტოქის საჯარიმოში ძალიან მოძრავია. მისი გვჯერა და ჩვენს გუნდში შანსს მიიღებს, ზაფხულში ''მეცში'' დაბრუნდება''.

ამ ეტაპზე ლიგა 1-ში ''მეცი'' 42 ქულით მე-10 ადგილზეა, ლიგა 1-ის ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, ანტონეტის გუნდი კრიზისშია, თუმცა გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს და რთული წარმოსადგენია სეზონის დარჩენილ ნაწილში ელიტაში დარჩენის შანსი ხელიდან გაუშვას.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძე ''სერენში'' გაანათხოვრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბელგიის რანგით მეორე ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. 20 წლის თავდამსხმელმა ლიგა 1-ში ერთადერთი მატჩი 2019 წელს ''ნიცასთან'' ჩაატარა.

შეგახსენებთ, მოთამაშე ლიონშია დაბადებული, 2008-15 წლებში ''ლიონის'' საფეხბურთო სკოლაში ასპარეზობდა, ხოლო 2016 წლიდან კარიერა ''მეცს'' დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები