„იყიდება თასების გამოუყენებელი კაბინეტი“ - ახალმა სპონსორმა ტოტენჰემს დასცინა
„ტოტენჰემს“ ახალი სპონსორი ჰყავს. „დეზებმა“ ხელშეკრულება საღებავების მწარმოებელ კომპანიასთან, Dulux-თან გააფორმეს, თუმცა მათ თანამშრომლობას კარგი სტარტი ნამდვილად არ ჰქონია.
„ტოტენჰემის“ მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, Dulux-ის „ტვიტერის“ ოფიციალურმა გვერდმა ლონდონურ კლუბს გულშემატკივრებთან ერთად ტიტულების ნაკლებობის გამო დასცინა. მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენლებმა თავიანთი პოსტები წაშალეს, თუმცა ქომაგებმა მათი სიტყვების დაფიქსირება მოასწრეს.
„ტვიტერის“ ერთ-ერთმა მომხმარებლებმა Dulux-ს ინიციატივით მიმართა, რომ „ტოტენჰემის“ თასებისთვის განკუთვნილ ოთახში საღებავის ქილები შეენახა, რადგან „დეზები“ „იქ მაინც არაფერს დებენ“. ამას კომპანია ყალბი რეკლამის განთავსებით გამოეხმაურა, რომელზეც ლონდონელთა ლოგოს ვხედავთ: „იყიდება თასების გამოუყენებელი კაბინეტი“.

მეორე გულშემატკივარმა Delux-ს „ტოტენჰემის“ თასების მტვრიანი კაბინეტის შეღებვა(ტოტენჰემს იმდენი ხანია არაფერი მოუგია, თასების კაბინეტში ყველაფერს მტვერი დაედო - იდეა ესაა) შესთავაზა და კომპანიის პასუხი ასეთი გახლდათ: „ნუ სულელობ, შეღებვამდე ზედაპირი მტვრისგან გაწმენდილი უნდა იყოს“.

მესამე ქომაგმა აქცენტი Delux-ის თილისმაზე, ინგლისურ მეცხვარეზე გააკეთა და იკითხა: „ძაღლს ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია“? კომპანიის პასუხმა არ დააყოვნა: „მან შესაძლოა, საქმე უკეთ გააკეთოს“.


ცნობისთვის, „ტოტენჰემს“ ტიტული 2008 წლის შემდეგ არ მოუგია. „დეზებმა“ მაშინ ლიგის თასი დაისაკუთრეს და ფინალურ შეხვედრაში „ჩელსი“ დაამარცხეს.