ირანულმა არხმა პირდაპირი ტრანსლაცია 100-ზე მეტჯერ შეწყვიტა - მიზეზი ქალი მსაჯია
Aa
Aa

ირანულმა არხმა პირდაპირი ტრანსლაცია 100-ზე მეტჯერ შეწყვიტა - მიზეზი ქალი მსაჯია

ირანული სატელევიზიო არხი იძულებული გახდა, „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერს“ შორის გამართული მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია 100-ზე მეტჯერ შეეწყვიტა, რათა გვერდითა მსაჯი, სიან მესი-ელისი არ ეჩვენებინა.

მომენტებისას, როცა კადრში მესი-ელისი ხვდებოდა, სატელევიზიო არხი შეხვედრის ტრანსლაციას წყვეტდა და რამდენიმე წამით მაყურებლებს „ტოტენჰემის“ სტადიონის ხედს აჩვენებდა. ერთ-ერთი ირანული სამოქალაქო უფლებების დამცველთა ჯგუფის მიხედვით, ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ მაყურებლებს შორტებში გამოწყობილი მესი-ელისის „შიშველი ფეხები“ არ ენახათ.

„სატელევიზიო ცენზორები შორტებში გამოწყობილმა ქალმა მსაჯმა შეაშფოთა. მათი გამოსავალი მატჩის მიმდინარეობისას ტრანსლაციის შეწყვეტა და ლონდონის ქუჩების ჩვენება იყო. შეხვედრის ბოლოს ერთ-ერთმა კომენტატორმა იხუმრა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, მაყურებლებმა გეოგრაფიული შოუთი ისიამოვნეს. ცენზურა ირანის ისლამური სახელმწიფოს დნმ-შია. ჩვენ ამ პრაქტიკის ნორმალიზება არ უნდა მოვახდინოთ. ეს ჩვენი კულტურა არაა. ეს რეპრესიული რეჟიმის იდეოლოგიაა“, - წერია My Stealthy Freedom-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ირანული სატელევიზიო არხი ცენზურას იყენებს. 2019 წელს, მათ „რომას“ ლოგო დაბლარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები