Aa
Aa

მესი, ტრაორე, ხვიჩა და სხვები - Whoscored-მა კვარაცხელია გამოარჩია

ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო სტატისტიკაზე ორიენტირებულმა პორტალმა, Whoscored.com-მა გამოარჩია. ცნობილმა ვებგვერდმა იმ წამყვანი ჩემპიონატების საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა, რომელთა სტატისტიკური მონაცემების ანალიზსაც აწარმოებს.

Whoscored-ის მიხედვით, რუსეთის პრემიერ ლიგაში ამ კატეგორიაში 77 წარმატებული დრიბლინგით ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. 20 წლის ქართველის გარდა, სიაში ადამა ტრაორე, როდრიგო დე პაული, ლიონელ მესი, მატეუს კუნია, ლუდოვიკ ბლასი, რაფა, გირანო კერკი, დავიდსონი, რაიან კენტი და ჟორის კაიემბე მოხვდნენ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთმა რუსულმა პორტალმა, „ფეხბურთი ციფრებში“ ხვიჩას შესახებ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას დრიბლინგის წყალობით, საშუალოდ მატჩში ბურთი წინ 12-ჯერ მიაქვს. ეს რუსეთის პრემიერ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია და მეორე ადგილზე მყოფი დენის მაკაროვი იმავეს მხოლოდ 8.37-ჯერ აკეთებს. ამ სიაში კიდევ ერთ ქართველს, ზურიკო დავითაშვილსაც ვხედავთ, რომელიც 7.41-ით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველი შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ. კვარაცხელიას „მილანს“, „იუვენტუსს“, „ბაიერნს“, „დორტმუნდს“, „ატალანტას“, „სევილიასა“ და „აიაქსს“ უკავშირებენ, თუმცა „რუბინში“ ირწმუნებიან, რომ მის გასხვისებას არ აპირებენ. რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი მთავარი მიზანი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებაა, თუმცა დასძინა, რომ გრანდებისგან წინადადების მიღების შემთხვევაში, ხვიჩას ყაზანში დატოვება გაუჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები