Aa
Aa

7 კაცით ითამაშეს და მატჩი 18 წუთს გაგრძელდა - მორიგი უცნაური შეხვედრა სამხრეთ ამერიკაში

გუშინ კოლუმბიის უმაღლეს დივიზიონში გამართული მატჩის შესახებ დავწერეთ, რომელშიც „რიონეგრო აგილასი“ „ბოიაკა ჩიკოს“ დაუპირისპირდა და იძულებული გახდა, მხოლოდ 7 ფეხბურთელით ეთამაშა. გამთენიისას, იგივე ეკვადორის ჩემპიონატში მოხდა და „აუკასმა“ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მოედანზე 7 მოთამაშეზე მეტის გაყვანა ვერ შეძლო.

„აგილასის“ მსგავსად, „აუკასიც“ კორონავირუსს ებრძვის. ეკვადორულ კლუბში Covid-19 დაახლოებით 20 ადამიანს დაუდგინდა, რომელთა უმრავლესობაც ფეხბურთელები არიან და „ბარსელონასთან“ დაპირისპირების წინ, მდგომარეობა სწორედ ამან გაართულა. „აუკასის“ წარმომადგენლების ცნობით, მათ კლუბში შექმნილი ვითარების შესახებ ეკვადორის ჩემპიონატის მმართველებსა და მეტოქეს აუწყეს და მატჩის გადადება მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ეკვადორის ლიგა პროში, ისე როგორც კოლუმბიის უმაღლეს დივიზიონში, მოქმედებს დებულება, რომლის მიხედვითაც, თუ კლუბს ფიფას წესებით აუცილებელი ფეხბურთელების მინიმალური რაოდენობის, კერძოდ 7 მოთამაშის, მოედანზე გაყვანა მაინც შეუძლია, მატჩი არ გადაიდება.

„აგილასისა“ და „ჩიკოს“ დაპირისპირებისგან განსხვავებით, „ბარსელონასა“ და „აუკასის“ ჯახი მხოლოდ 18 წუთს გაგრძელდა. საქმე ამ შემთხვევაშიც ტრავმასთან გვაქვს. შეხვედრის მე-18 წუთზე, „აუკასის“ მეკარემ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები მატჩის დაწყებამდეც ჰქონდა, დაზიანება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ამ დროისთვის „აუკასი“ 0-2-ით მარცხდებოდა, თუმცა ეკვადორის ჩემპიონატში არსებული წესებიდან გამომდინარე, ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

შეხვედრის შემდეგ, „აუკასის“ სპორტული დირექტორი, ანდრეს ბაესი Mundo Deportivo-ს ესაუბრა და განვითარებული მოვლენები შეაფასა: „პირველ რიგში, მინდა, 7 მებრძოლს, რომლებმაც მატჩში მონაწილეობა მიიღეს, მივულოცო და მადლობა გადავუხადო. მოედანზე გატარებულ მცირე დროში მათ თავიანთი ხასიათი და დადებითი თვისებები გამოავლინეს. დღეს დილით, ლიგა პროსა და ბარსელონას წარმომადგენლებს ვესაუბრეთ და მატჩის გადადება გვსურდა, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ.

რატომ არ ვათამაშეთ სარეზერვო და ახალგაზრდული გუნდების ფეხბურთელები? დარწმუნებული არ ვიყავით, ამ მოთამაშეების გამოყვანის უფლებას თუ მივიღებდით და არ ვიცოდით, ეს ეკონომიკურ კონტროლთან დაკავშირებით არსებულ წესებს შეესაბამებოდა თუ არა“.

ცნობისთვის, „აუკასს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილს იკავებს, „ბარსელონა“ კი 17 ქულით გათამაშების ლიდერია. „აუკასი“ მომდევნო შეხვედრას 17 აპრილს გამართავს და კლუბის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ „ოლმედოსთან“ დაპირისპირებისას ახალგაზრდა ფეხბურთლებისთვის სათამაშო დროის მიცემას შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები